„მას ბოლოს მესი შეეხო, მხოლოდ ჩემპიონების ხვედრია, თქვენც ჩემპიონი ხართ“ - ინფანტინო ტრამპს
თეთრ სახლში სტუმრად მყოფმა FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, მას, როგორც მუნდიალის მასპინძელი ქვეყნის მმართველს მსოფლიო ჩემპიონატის თასი გადასცა.
„მასთან შეხებას მხოლოდ ფიფას პრეზიდენტი, ქვეყნების პრეზიდენტები და ჩემპიონები ახერხებენ, რადგან ეს მხოლოდ გამარჯვებულებისთვისაა. თქვენც გამარჯვებული ხართ და, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შეეხოთ. ის საკმაოდ მძიმეა. ეს გამარჯვებულის ტიტულია. ბოლოს ის ლიონელ მესიმ აღმართა და ახლა ის თეთრ სახლშია“.
- უთხრა ინფანტინომ ტრამპს.
„შეიძლება ჩემთან დავიტოვო? ძალიან კარგად მოეწყობა იმ კედელთან, პირდაპირ ანგელოზების ქვეშ დავდგამ. მშვენიერია, ოქროს უმშვენიერესი ნაჭერია,“
– უპასუხა ტრამპმა.
FIFA-ს პრეზიდენტმა სპორტისთვის პოლიტიკოსების მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ისა და რუსეთის ლიდერთა შეხვედრები მსოფლიო მშვიდობისთვის სასარგებლოა.
„მჯერა, რომ რაც უფრო ხშირად შეხვდებიან ერთმანეთს პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი პუტინი, მით უკეთესი იქნება მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ტრამპიც ერთგულია მშვიდობისა. უკრაინის საკითხის მოგვარების მოლაპარაკებები გრძელდება.
და რაც უფრო მეტი საუბარი იქნება, მით უფრო გაიზრდება შანსი, რომ ისინი კარგ შეთანხმებამდე მივლენ. ამას მთელი მსოფლიო აკვირდება, მსოფლიო იმედს ამყარებს და ლოცულობს ამისთვის,“
– განაცხადა ჯანი ინფანტინომ.
და ბოლოს, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა ვლადიმირ პუტინი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაპატიჟოს. მუნდიალი 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისამდე აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერის მოწვევა „იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები“. ეს სიტყვები ტრამპმა თქვა ქუდით, რომელზეც ეწერა „Trump was right about everything“ (ტრამპი ყველაფრში მართალი იყო), ხელში კი ჰქონდა ფოტო, რომელიც ბოლო შეხვედრის დროს იყო გადაღებული.
ტრამპმა ასევე დაასახელა თარიღი, როდესაც მუნდიალის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება.
„წელს, 5 დეკემბერს, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა კენედის ცენტრში, აქვე, ვაშინგტონში ჩატარდება“.