„დიდი ფული და ცუდი მეტოქე“ | ჰუკერი თოფურიას პიმბლეტთან ჩხუბს ურჩევს
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, დენ ჰუკერმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. „ჰენგმენმა“ „ელ მატადორს“ რჩევა მისცა და აღნიშნა, რომ მის ადგილას მომდევნო ბრძოლას პედი პიმბლეტთან გამართავდა.
„სასაცილოა, მაგრამ არსებობს შანსი, რომ ილიას მომდევნო მეტოქე პედი პიმბლეტი იყოს — რაც, რა თქმა უნდა, აბსურდული გადაწყვეტილებაა. მაიკლ ჩენდლერის დამარცხების შემდეგ საჩემპიონო შანსის მიღება აბსურდულია, მაგრამ ვის აინტერესებს? ფაქტია, ილია საჩემპიონო ქამარს დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს.
ტიტულს რომ ვფლობდე და ცარუკიანს, გეიჯისა და პიმბლეტს შორის არჩევანი მქონდეს, ყველაზე რთულ მეტოქეს ავირჩევდი. თუმცა თუ ჭკვიანი ხარ, პიმბლეტს აირჩევ, რადგან ყველაზე დიდ ფულსა და პოპულარობას მიიღებ და შენი მეტოქე ყველაზე ცუდი მებრძოლი იქნება.“
ცნობისთვის, ჰუკერი UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ის წევრია და მეექვსე ადგილზე იმყოფება. ბოლოს მან მატეუშ გამროტის წინააღმდეგ იჩხუბა და მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით იმარჯვა.