La Nazione: გოგლიჩიძის მსურველთა რიგებს პარმა და სასუოლო დაემატნენ
მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, საბა გოგლიჩიძეს უამრავ კლუბს უკავშირებენ.
დღეს იტალიური გამოცემა La Nazione წერს, რომ ქართველი ცენტრალური მცველის მსურველთა რიგებს პარმა და სასუოლო დაემატნენ.
უფრო ვრცლად - საბას ემპოლიში დღეები დათვლილია. ჯერჯერობით ოფიციალური წინადადება არ ყოფილა და ამის პარალელურად პარმა და სასუოლო გააქტიურებას გეგმავენ.
თავის მხრივ, ემპოლი გოგლიჩიძეს ფასს ადებს. წყაროს ცნობით, მსურველმა მის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.
შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძის გადაბირებით რომა და ბეტისიც ინტერესდებიან. გუშინ, Tuttomercatoweb-მა დაწერა, რომ ესპანურ კლუბსა და ემპოლის შორის პირველი კომუნიკაცია შედგა.
ცნობისთვის, ქართველი ფეხბურთელი ემპოლიში 2024 წელს ქუთაისის ტორპედოდან გადავიდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.