„მეტის მოლოდინი გვქონდა“ - ფრანგული მედია ხვიჩას აფასებს
საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ლონდონის ჩელსის დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, 3:0 დამარცხდა.
ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ თავის გუნდს ვერაფრით დაეხმარა. ხვიჩა აქტიური იყო და გოლის გატანის რამდენიმე მცდელობაც ჰქონდა, მაგრამ საბოლოო მიზანს ვერ მიაღწია. ლუის ენრიკემ ქართველი შემტევი 58-ე წუთზე, ბრედლი ბარკოლათი შეცვალა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემებმა ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასეს.
რას წერენ მედიაში:
Footmercato – 3 ქულა: 40-ე წუთზე კარგი ტექნიკური მოძრაობა ჰქონდა, პირველ ტაიმში კი მეტი განსაკუთრებული მომენტი არ შემოუთავაზებია. 47-ე წუთზე სოლო-გოლის გატანის შანსი ჰქონდა, რომელიც რობერტ სანჩესმა შეაჩერა. ამ მატჩში არაფერი გამოუვისა, ეს კი დიდწილად, გაორმაგებული დაცვის ბრალი იყო. გუსტომ მის წინააღმდეგ ბრწყინვალე თამაში აჩვენა, რაც იმაზეც მეტყველებს, რომ ქართველი ბურთს მხოლოდ 23-ჯერ შეეხო და მეორე საგოლე შანსი ვეღარ შექმნა.
Le Parisien – 3 ქულა: ქართველის თამაში ბრწყინვალედ ასახავდა პარიზელთა გარშემო შექმნილ ფიზიკური სირთულეებს. 7 ნომერი ჩვეულ თამაშს ვერ აჩვენებდა და შეტევაში საერთოდ არ ჩანდა. პირველ ტაიმში თანაგუნდელებთან ბურთსაც ვერ ათამაშებდა და დაცვაშიც ვერ ეხმარეობდა. მეორე ნახევარი კი 47-ე წუთზე კარში დარტყმით დაიწყო, თუმცა, მალევე მის მაგივრად მოედანზე ბრედლი ბარკოლა შევიდა.
Parisfans – 2 ქულა: როდესაც ბურთს იღებდა, გამწვავებაზე არ მიდიოდა. დაცვით ფაზაში უკან რჩებოდა და თანაგუნდელებს ვერ ეხმარებოდა.
Maxifoot – 3 ქულა: იმედგაცრუება. „პარი სენ-ჟერმენის“ ვინგერმა გამწვავების თითქმის ყველა შანსი გაუშვა ხელიდან. ინდივიდუალურ დუელებში ქართველი ფეხბურთელი არაზუსტი იყო და ხიფათის შექმნას ვერ ახერხებდა.
Goal.com – 4 ქულა: პსჟ-ს შემადგენლობაში პირველი შეცვლილი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების წევრი, ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც მატჩზე ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა. ჯეიმსმა და გუსტომ ის თამაშიდან მთლიანად გათიშეს.
L’Equipe – 2 ქულა: რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ მისი ცუდი თამაშიდან? მალო გუსტო ერთი-ერთზე თამაშისას აშკარად დომინირებდა. ქართველი თვეების განმავლობაში ბრწყინვალე იყო, დღეს კი მოედანზე დადიოდა. ვერაფერს აკეთებდა, თითქოს გათიშული იყო და დაცვაში მხოლოდ რამდენიმე გარბენი ჰქონდა, მცირედი ეფექტურობით. მისმა ერთადერთმა დარტყმამ, რომელიც 47-ე წუთზე იყო, თამაშის სცენარში დიდი როლი არ ითამაშა.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზული გუნდის ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ქართველმა შემტევმა 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.