პალმერის შოუ, განადგურებული პსჟ და განრისხებული ენრიკე - ჩელსი საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონია
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ლონდონის „ჩელსის“ ტრიუმფით დასრულდა. ტურნირის ფინალში „არისტოკრატები“ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს დაუპირისპირდნენ და დამაჯერებლად, 3:0 გაიმარჯვეს.
ენცო მარესკას გუნდმა მეტოქე ფაქტობრივად ყველა კომპონენტში დაჯაბნა და შეიძლება ითქვას, რომ შანსიც არ დაუტოვა. ლონდონელები მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდნენ და უფრო მაღალი სხვაობით გამარჯვებაც შეეძლოთ. პარიზელებმა კი თავისმხრივ, გულშემატკივართა მოლოდინები ვერ გაამართლეს და ჩვეული თამაში ვერ აჩვენეს, ისეთი, როგორიც თუნდაც ნახევარფინალში „რეალთან“, ან უფრო ადრე ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერთან“ ვნახეთ.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ თავის გუნდს ვერაფრით დაეხმარა. ხვიჩა აქტიური იყო და გოლის გატანის რამდენიმე მცდელობაც ჰქონდა, მაგრამ საბოლოო მიზანს ვერ მიაღწია. ლუის ენრიკემ ქართველი შემტევი 58-ე წუთზე, ბრედლი ბარკოლათი შეცვალა.
ხვიჩას მომენტები ჩელსისთან:
განსაკუთრებით გამორჩეული მატჩი ჰქონდა „ჩელსის“ ლიდერს, კოულ პალმერს. ინგლისელმა ფეხბურთელმა ფინალში ორი გოლი გაიტანა და მესამე გოლის ეპიზოდში საგოლე გადაცემაც შეასრულა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც დამსახურებულად ერგო.
კოულ პალმერმა ანგარიში 22-ე წუთზე, ბრწყინვალე ტექნიკური დარტყმით გახსნა, 30-ე წუთზე კი კვლავ ბრწყინვალე შესრულებით სხვაობა ორბურთამდე გაზარდა. 43-ე წუთზე პალმერმა ამჯერად ჟოაო პედროს გაატანინა, ბრაზილიელმა კი თავისმხრივ ლამაზი დარტყმით შეძლო დონარუმას კარის აღება. „ჩელსიმ“ პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ, მარესკას გუნდს შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია.
შეხვედრის ბოლოს, საფინალო სასტვენის შემდეგ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს სორის დაპირისპირება მოხდა. პარიზელთა მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე „ჩელსის“ ფეხბურთელების ზეიმით გაღიზიანდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ ესპანელმა სპეციალისტმა ჟოაო პედროს ხელიც კი ჰკრა. საბოლოოდ, სიტუაცია უსაფრთხოების სამსახურის თანამშომლებმა ფეხბურთელთა ნაწილის დახმარებით განმუხტეს.
ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 23 შეხება, 13-დან 11 ზუსტი პასი, 1 ზუსტი დარტყმა, 7 პოზიციური დუელიდან 2 მოიგო, მეტოქე მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა, რომელიც ყვითელი ბარათით დასრულდა, თავადაც 1 ჯარიმა აიღო. ცნობილ სტატისტიკურ პორტალ Sofascore-ზე მისი თამაში 6.4 ქულით შეფასდა.
ცნობისთვის, „ჩელსიმ“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ისტორიაში მეორედ მოიგო. პირველად „არისტოკრატებმა“ ჩემპიონობა 2021 წელს, „პალმეირასთან“ 2:1 გამარჯვებით მოიპოვეს.