„ძალიან მიყვარს, სხვა შემტევებს არ ჰგავს“ - ლიზარაზუმ კვარაზე ისაუბრა
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ბიქსენტ ლიზარაზუმ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალის წინ ფრანგულ Le Parisien-თან „პარი სენ-ჟერმენის“ შესახებ ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.
რას ამბობს ლიზარაზუ:
„ლუის ენრიკემ უდიდესი შრომა გასწია. მე არ შემიძლია მის ფიქრებში ჩახედვა, მაგრამ ფაქტი სახეზეა. რაც მან გააკეთა, უბრალოდ შესანიშნავია. საინტერესო ბურთის ფლობა აქვს, რაც შესაძლებლობას აძლევს, რომ მეტოქეზე როგორც ტექნიკურად, ისე ტაქტიკურად დომინირებდე და თამაშს აკონტროლებდე. მოწინააღმდეგეს ბურთს ართმევდე და შესაბამისად, თავსაც კარგად იცავდე. შემდეგ კი სურვილის შემთხვევაში კონტრშეტევებზე გადახვიდე“.
„ამ ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პარიზის დონის გუნდი არ არსებობს. ამ გუნდმა ჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერი“ 5:0 გაანადგურა. შემდეგ „რეალს“ 4:0 მოუგო და დიდი გაკვეთილი ჩაუტარა. ერთადერთი გუნდი, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია, „ბაიერნი“ იყო, მაგრამ პარიზელებმა მაინც შეძლეს 2:0 მოგება. ვიმედოვნებ, რომ ფინალიც მათ სასარგებლოდ დასრულდება“.
„არის ბიჭი, რომელიც მიყვარს. ეს ხვიჩა კვარაცხელიაა. მის შესახებ ისე ვისაუბრებ, როგორც ძველი მარცხენა მცველი როდესაც ვიყავი. მისი სახით, შეტევაში ისეთი ბიჭი გყავს, რომელზეც იცი, რომ დაცვაშიც თავს ძაღლივით დაიცავს. თავდასხმაში ისე არ იჩენს თავს, როგორც ბევრი თავდამსხმელი. თავის საქმეს შესანიშნავად ასრულებს, შემდეგ კი თავს მშიერივით იცავს. სიამოვნებით ვითამაშებდი ასეთ ბიჭთან ერთად. ნებისმიერი მცველისთვის, მისი გუნდში ყოფნა ნამდვილი სიხარულია, ძალიან მიყვარს. მე რომ შემტევი ვყოფილიყავი, ვიცი, რომ ის ჩემს ადგილას წარმოიდგენდა თავს. კვარაცხელია მცველისთვის იდეალურია. მაგრამ სხვა პარიზელებიც არ უნდა დაგვავიწყდეს“.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი 23:00 საათზე დაიწყება.