„ეს მხოლოდ დასაწყისია!“ - მამარდაშვილი ლივერპულში დებიუტზე
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. მერსისაიდული გუნდი სტუმრად „პრესტონს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა.
დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა. ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა და პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა. მამარდაშვილს პრაქტიკულად საქმეც არ ჰქონია. მასპინძლებმა მისი კარის მიმართულებით სამჯერ დაარტყეს და სამივე დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. არნე სლოტმა ქართველი მეკარე პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, შესვენებაზე შეცვალა; მისი თამაში კი Flashscore-ზე 6.3 ქულით შეფასდა, Sofascore-ზე კი 6.5 ქულით.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი დებიუტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და „ლივერპულის“ ფანებს მიმართა.
რას წერს მამარდა:
განსაკუთრებული მომენტი ჩემს ცხოვრებაში. ლივერპულში დებიუტი. ვამაყობ, რომ პირველი ქართველი ფეხბურთელი ვარ, ვინც ამ ლეგენდარულ კლუბს წარმოადგენს. ვიცი, რას ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისთვის და ყველა ქართველი ადამიანისთვის. მადლობა მხარდაჭერისთვის, ეს მხოლოდ დასაწყისია.
View this post on Instagram
ამ შეხვედრის შემდეგ „ლივერპული“ აზიურ ტურნეში გაემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 26 ივლისს არნე სლოტის გუნდი ჰონგ-კონგში „მილანს“ შეხვდება, 30 ივლისს კი იოკოჰამაში „იოკოჰამა მარინოსს“ დაუპირისპირდება.
ამის შემდეგ „ლივერპული“ ინგლისში დაბრუნდება და 4 აგვისტოს „ენფილდზე“ „ატლეტიკ ბილბაოსთან“ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 10 აგვისტოს მერსისაიდელები „ქომუნითი შილდის“ მატჩში „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდებიან, 15 აგვისტოს კი პრემიერლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე „ბორნმუთს“ მიიღებენ.