გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„სამი რამ, რაც მამარდაშვილის დებიუტიდან შეინიშნება“ - Liverpool.com-ის შეფასება

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. მერსისაიდული გუნდი სტუმრად „პრესტონს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა.

დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა. ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა და პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა. მამარდაშვილს პრაქტიკულად საქმეც არ ჰქონია. მასპინძლებმა მისი კარის მიმართულებით სამჯერ დაარტყეს და სამივე დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. არნე სლოტმა ქართველი მეკარე პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, შესვენებაზე შეცვალა; მისი თამაში კი Flashscore-ზე 6.3 ქულით შეფასდა, Sofascore-ზე კი 6.5 ქულით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველი მეკარის თამაში „ლივერპულთან“ დაახლოებულმა საინფორმაციო სააგენტო Liverpool.com-მა შეაფასა.

რა წერია სტატიაში:

„ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის დებიუტი ერთი წლის განმავლობაში იგეგმებოდა და, როგორც იქნა, ქართველ მეკარეს საბოლოოდ მიეცა შანსი „წითლების“ შემადგენლობაში მოედანზე გასულიყო „პრესტონთან“ ემოციურ მატჩში.

მამარდაშვილი კლუბის პირველივე შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა, რადგან თამაში წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის ხასიათს ატარებდა. ორივე გუნდის მოთამაშეები აშკარად ცდილობდნენ შესვენების შემდეგ ფეხზე წამოდგომას.

თუმცა, რადგან „ლივერპული“ ბურთის ფლობის მხრივ დიდ უპირატესობას ფლობდა, ქართველმა მეკარემაც ბურთი ფეხთან ბევრჯერ მიიღო და ამ მხრივ, შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ არსებობდა.

შესაძლოა, გასულ წელს, მისი გაფორმების შემდეგ, ბევრი გულშემატკივრისთვის მამარდაშვილის ფეხით თამაში შეშფოთების საგანი იყო. მის, როგორც მეკარის, შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა ბოლო სეზონში ბურთთან ფეხით თამაშის დროს რამდენიმე უხეში შეცდომა ჰქონდა.

ზაფხულის ტესტებზე ის კიდევ უფრო მეტ გამოცდას გაივლის, მაგრამ ჯერჯერობით, მისთვის ყველაფერი კარგად მიდის, განსაკუთრებით ერთი მომენტით, რამაც მისი თავი თითქმის იდეალურად გაგვაცნო.

ეს თითქმის ალისონის მომენტი იყო. დებიუტში ბევრი მეკარე საგოლე გადაცემით არ გამოირჩევა, მაგრამ მამარდაშვილმა პირველივე მატჩში თითქმის წარმოუდგენელი ეპიზოდი გვაჩვენა, რასაც მისთვის დიდების მოტანა შეეძლო.

პირველი ტაიმის შუაში, მან თავისი საჯარიმოდან ბურთი წინ, მეტოქის ნახევარზე, ფედერიკო კიეზას მიმართულებით გაისროლა. იტალიელმა კი მცველი ჩამოიტოვა და კარისკენ დაარტყა. სამწუხაროდ, კიეზას საკმარისი სისწრაფე არ აღმოაჩნდა მეკარის მოსატყუებლად, მისი დარტყმული კი კარს აცდა.

კიეზას რომ გოლი გაეტანა, მამარდაშვილისთვის ეს მომენტი შესანიშნავი იქნებოდა. ქართველმა მეკარემ თითქმის გაიმეორა მისი თანაგუნდელის, ალისონ ბეკერის, მომენტი, როდესაც ბრაზილიელმა მოჰამედ სალაჰს „მანჩესტერ სიტისთან“ და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გაატანინა. ამ ეპიზოდის მიუხედავად, მის თამაშზე ნაადრევი დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა. თავისი შესაძლებლობების დასამტკიცებლად და კვალის დასატოვებლად მას საკმარისი დრო ექნება.

რა თქმა უნდა, 190 სმ სიმაღლის მამარდაშვილი „ლივერპულის“ კარში შთამბეჭდავი ფიგურაა და თავისი სიმაღლის სასარგებლოდ გამოყენებისაც არ ეშინია, მაშინაც კი, თუ ბურთის მოსაგერიებლად თანაგუნდელთან შეჯახება მოუწევს.

პირველი ტაიმის მიწურულს, როდესაც მისი გუნდი ბრედლის გოლით 1:0 იგებდა, მამარდაშვილმა საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მოიგერია, ამ დროს კი ერთ-ერთი მცველი მიწაზე დააგდო.

შემდეგ, თავის ხაზთან კმაყოფილი სახით დაბრუნდა, თითქოს არაფერი მომხდარა. მას შეუძლია კმაყოფილი იყოს, რადგან კლუბის მაისურით ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა შეძლო, თუმცა რეალურად, მნიშვნელოვანი გამოცდის წინაშეც არ ყოფილა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ადრეული ნიშნები იმედისმომცემია. როგორც ჩანს, „ლივერპულმა“ კელეჰერის შესაფერისი შემცვლელი და ალისონის კონკურენტი იპოვა.

ამ შეხვედრის შემდეგ „ლივერპული“ აზიურ ტურნეში გაემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 26 ივლისს არნე სლოტის გუნდი ჰონგ-კონგში „მილანს“ შეხვდება, 30 ივლისს კი იოკოჰამაში „იოკოჰამა მარინოსს“ დაუპირისპირდება.

ამის შემდეგ „ლივერპული“ ინგლისში დაბრუნდება და 4 აგვისტოს „ენფილდზე“ „ატლეტიკ ბილბაოსთან“ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 10 აგვისტოს მერსისაიდელები „ქომუნითი შილდის“ მატჩში „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდებიან, 15 აგვისტოს კი პრემიერლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე „ბორნმუთს“ მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები