„ყველაზე დიდი ფარსი MMA-ს ისტორიაში“ - ცარუკიანი პიმბლეტი-თოფურიას ბრძოლაზე
UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში განვითარებული მოვლენების გამო, არმან ცარუკიანი უზომოდ გაღიზიანებულია, რადგან თვლის, რომ დენა უაითისა და შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელების მხრიდან უსამართლოდ იჩაგრება. აქამდეც გამოირჩეოდა კრიტიკული განცხადებებით, თუმცა არმანის ბოლო ინტერვიუ განსაკუთრებით ხმაურიანი გამოდგა, სადაც მან აღნიშნა, რომ ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტის ბრძოლის ჩანიშვნის შემთხვევაში, ეს სატიტულო დაპირისპირება კი არა, MMA-ის ისტორიაში ყველაზე დიდი საჩემპიონო ფარსი იქნება.
დივიზიონის რეიტინგიდან გამომდინარე, ცარუკიანის პრეტენზიები არცთუ უსაფუძვლოა. სომეხი მებრძოლი მეორე ნომერია, ხოლო პედი პიმბლეტი მეათე პოზიციაზეა, რაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს იმასთან დაკავშირებით იმსახურებს თუ არა 30 წლის ლივერპულელი ამჟამად საჩემპინო ქამრის ქართველ მფლობელთან შეხვედრას. გასაგებია, რომ იანვარში გამართული ღონისძიების წინ არმანმა წონა ვერ ჩააბარა და მთავარი ორთაბრძოლა ჩაშლის საფრთხის წინაშე დააყენა, თუმცა ამის გამო პიმბლეტის წინა პლანზე წამოწევა დიდ ეჭვებს იწვევს.
ცნობისათვის, პედის ზედიზედ შვიდი ბრძოლა აქვს მოგებული, არმან ცარუკიანმა კი ბოლოს ოქტაგონში 2024 წლის აპრილში იბრძოლა და ჩარლზ ოლივეირა მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.