„კვარას მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია“ - შაშიაშვილი ფინალის წინ
ხვალ, მიუნხენის „ალიანს არენაზე“ წლევანდელი საფეხბურთო სეზონის მთავარი მატჩი გაიმართება, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც ქართველი ფეხბურთელია. ხვიჩა კვარაცხელია მაქსიმალურად შეეცდება, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგებაში დაეხმაროს. 24 წლის ქართველ ვარსკვლავს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე რომ ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, ამაში გულშემატკივარი არამხოლოდ წელს, არამედ წინა სეზონებშიც რამდენჯერმე დარწმუნდა და ვეტერან ქართველ ფეხბურთელს გიორგი შაშიაშვილს დიდი იმედი მაქვს, რომ კვარა თავის სათქმელს ფინალშიც იტყვის. როგორი მოლოდინი აქვს „ინტერი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ თამაშის წინ, ამის შესახებ „დინამო თბილისის“ ყოფილმა კაპიტანმა Crystalsport-თან ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა.
გიორგი შაშიაშვილი
ბევრი ამბობს და მეც ასე მიმაჩნია, რომ „ინტერი“ ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ ნერიაძურიმ „ბარსელონას“ ორ შეხვედრაში 7 გოლი გაუტანა, რაც იოლი ნამდვილად არ გახლავთ. ჩვენ, თითოეული ქართველი პროგნოზების გაკეთების დროს სუბიექტურები ვართ, მაგრამ ფაქტია, რომ ხვიჩა ისეთი სიძლიერის მოთამაშეა, რომელსაც ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა დამოუკიდებლად შეუძლია.
რა შემატა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენს“? ალბათ კრეატივი. თუმცა, მას აქვს ბევრი სხვა პლუსებიც, რის გამოც პარიზულ კლუბს იდეალურად მოერგო. არ დაგავიწყდეთ, რომ „პარკ დე პრენსზე“ არცთუ დიდი ხნის წინ მესი-ნეიმარი მბაპეს ტრიო ასპარეზობდა, თუმცა იმის გამო, რომ ამ სამეულიდან არც ერთი დაცვას სათანადოდ არ ეხმარებოდა, გუნდმა იმ შედეგებს ვერ მიაღწია, რასაც მისგან გულშემატკივარი ელოდა.
„ნაპოლიდან“ წასვლით კვარამ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სადებიუტო სეზონში ფურორის შემდეგ შეჩერდა და ისე ვეღარ პროგრესირებდა, როგორც საჭირო იყო. ამას დაემატა ვიქტორ ოსიმენის წასვლა, მწვრთნელის ცვლილება და უეცრად გაჩნდა ხვიჩასთვის ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი. გარდა ამისა, ნეაპოლური კლუბი დაცვით ფეხბურთს ანიჭებდა უპირატესობას, ასეთი ტაქტიკის დროს კი კვარას პლუსები მთლიანად იკარგება.
ამ დროს ჰორიზონტზე გამოჩნდა „პარი სენ-ჟერმენი“, რომელსაც ლუის ენრიკეს სახით ტაქტიკურად უზომოდ განსწავლული მთავარი მწვრთნელი უდგას სათავეში. პარიზელები შეტევის დროს ფლანგებს მაქსიმალურად ტვირთავენ და სწორედ ამიტომ, ვხედავთ ისეთ კვარაცხელიას, რომელსაც გუნდისთვის როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში უდიდესი სარგებელი მოაქვს.
ამპლუით ცენტრალური მცველის გიორგი შაშიაშვილის ანგარიშზე, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ფლანგზე თამაშიც შეეძლო, თბილისის „დინამოში“ 1996-2006 წლებში 148 შეხვედრაში 7 ბურთია. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კი 32 მატჩიდან, 23 ძირითადში დაიწყო, 9-ჯერ ცვლილებაზე შევიდა და ერთადერთი გოლი იტალიის ნაკრების ლეგენდარული მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის კარში გაიტანა.