„მეგონა მოტეხილობა ჰქონდა, თუმცა ერთ წუთში ვარჯიში განაგრძო“ - სლუცკი კვარას თავდადებაზე
„პარი სენ-ჟერმენისა“ და მთლიანად მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას მუდამ დიდი მადლიერებით იხსენებს ლეონიდ სლუცკის, რომელიც მისი მთავარი მწვრთნელი „რუბინში“ ასპარეზობის დროს იყო და ქართველი ფეხბურთელის პროგრესს ხელი მაქსიმალურად შეუწყო. სხვათა შორის, კვარას მიმართ ასევე ძალიან თბილად არის განწყობილი ყაზანური კლუბის ყოფილი დამრიგებელი და სლუცკიმ რუსული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ხვიჩასთან დაკავშირებული ძალიან საინტერესო ისტორია გაიხსენა:
„როდესაც „რუბინის“ მწვრთნელად დავინიშნე და ბაზაზე პირველი ვარჯიშის ჩასატარებლად მივედი, გუნდის ფეხბურთელები ეგრეთწოდებულ კვადრატს თამაშობდნენ და ერთ ეპიზოდში კვარას ფეხში ისე ჩაარტყეს, რომ 100 ბრუნი გააკეთა, 300 ცრემლი დაღვარა და საკმაოდ ხმამაღლა ტიროდა.
ამ ყველაფრის შემხედვარე მეგონა, რომ მას მინიმუმ ღია მოტეხილობა ექნებოდა. თუმცა, ზუსტად ერთ წუთში წამოდგა და ვარჯიში ისე განაგრძო, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. მაშინვე ვუთხარი, რომ სამკურნალოდ წასულიყო, რადგან ისეთი რეაგირება მოახდინა მიღებულ დარტყმაზე, რომ შესაძლოა ყველაფერი გართულებულიყო.
ამით რისი თქმა მსურდა იცით? მას ფეხბურთი როგორც ბავშვს, ისე უყვარს. მისი სიზარმაცე არასოდეს მინახავს, მუდამ ცდილობდა ვარჯიშებზე ბოლომდე დახარჯულიყო და დარბოდა ისეთი სისწრაფით, როგორც კატა“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება. ის და მისი თანაგუნდელები შაბათს, 31 მაისს, „ინტერს“ დაუპირისპირდებიან და შეეცდებიან „პარი სენ-ჟერმენს“ არსებობის ისტორიაში ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი პირველად მოაგებინონ.