მიკელ არტეტა, არნე სლოტი
Aa
Aa

„დროა ჩვენი სიძლიერე აღიარონ“ - სლოტმა არტეტას უპასუხა

ინგლისის პრემიერ ლიგის წამყვანი კლუბების მთავარ მწვრთნელებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არსებობდა და მათ დაპირისპირებას მოედანს მიღმაც მუდამ საინტერესო ელფერი ჰქონდა. გამონაკლისს არც წლევანდელი სეზონი წარმოადგენს და ვითარება ამჯერად მიკელ არტეტას განცხადებამ დაძაბა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამჟამინდელი „ლივერპული“, მისი ფორმაციის შარშანდელ და შარშანწინდელ „არსენალს“ რომ არაფრით აღემატება, ამაზე დაგროვებული ქულების რაოდენობაც მეტყველებს და მერსისაიდული გრანდი ჩემპიონი მხოლოდ და მხოლოდ გამართლების ხარჯზე გახდა.

არტეტას მოსაზრებას არსებობის უფლება რომ ჰქონოდა, მან ახსენა ის ფაქტი, რომ 2022-2023 და 2023-2024 წლებში მისმა „მეთოფეებმა“ სეზონი 89 და 84 ქულით დაასრულეს, მაშინ როდესაც „ლივერპულს“ პრემიერლიგის ფინიშამდე ერთი ტურით ადრე 83 ქულა აქვს. კონკურენტი კლუბის დამრიგებლისა და ვიზავის მხრიდან წამოსულ კრიტიკაზე საპასუხო რეაქცია არ დააყოვნა და „ლივერპულის“ ნიდერლანდელმა თავკაცმა არნე სლოტმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ყველას აქვს უფლება საკუთარი მოსაზრება ჰქონდეს. ჩემი აზრი ასეთია - ისეთ გრძელ და მარათონულ ტურნირს, როგორიც ინგლისის ჩემპიონატია, მხოლოდ გამართლების ხარჯზე ვერ მოიგებ.

შეიძლება ჩვენ ცოტა გაგვიმართლა იმის გამო, რომ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში პირველად „მანჩესტერ სიტის“ კრიზისი სწორედ წელს ჰქონდა. თუმცა, ამაში „ლივერპულის“ წვლილიც უდიდესია, რადგან როდესაც „ქალაქელებს“ ჩავარდნა ეწყებოდათ, ისინი მათსავე სტადიონზე დავამარცხეთ და სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა მივაყენეთ.

მოვიგეთ ჩემპიონატი, რომლის მე-16 და მე-17 ადგილზე გასულმა კლუბებმა ევროპა ლიგის ფინალი ითამაშეს - ამით ყველაფერი ნათქვამია და დროა, ჩემი გუნდის სიძლიერე ყველამ ერთხმად აღიაროს“.

პრემიერ ლიგის ბოლო ტურის წინ, სატურნირო ცხრილის ლიდერი და უკვე ჩემპიონი „ლივერპული“ მეორე ადგილზე მყოფ „არსენალს“ 12 ქულით უსწრებს. ამ გუნდებს შორის მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში გამართული მატჩები როგორც „ემირეიტ სთედიუმზე“, ასევე „ენფილდ როუდზე“ იდენტური ანგარიშით, 2:2 დასრულდა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ უნდა ეთამაშა და გოლი გაგვიტანა“ - არტეტა მარცხს ისევ არ აღიარებს
„არ უნდა ეთამაშა და გოლი გაგვიტანა“ - არტეტა მარცხს ისევ არ აღიარებს