ორი ახალწვეული "ტორპედოში" და წინასასეზონო შეკრება თურქეთში
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის "ტორპედო" ახალი სეზონისთვის ემზადება.
კახა ჩხეტიანის გუნდმა უკვე ორი ტრანსფერი განახორციელა. ჩემპიონს 25 წლის მცველი თორნიკე გრიგალაშვილი დაემატა, რომელიც სხვადასხვა დროს "ზესტაფონის", "ჩიხურასა" და "სამტრედიას" ღირსებას იცავდა.
ფეხბურთელმა "ტორპედოსთან" 1 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

რაც შეეხება მეორე ტრანსფერს, ქუთაისელთა რიგებში უკრაინაში დაბადებული და გაზრდილი ქართველი ფორვარდი ევგენი ბოხაშვილი იასპარეზებს.
ბოხაშვილი ასევე 25 წლის გახლავთ და ის "ტორპედოში" სინჯებზე იმყოფებოდა. საქართველოს ჩემპიონის რიგებში მან მხოლოდ 3 ტაიმი ითამაშა, რა დროშიც თავი ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. სამწვრთნელო შტაბი საბოლოოდ შეჯერდა, რომ მას გუნდში დაიტოვებენ.
გრიგალაშვილის მსგავსად, "ტორპედოსთან" ბოხაშვილმაც 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ტორპედო" ხვალ შეკებაზე თურქეთში გაემგზავრება. ანტალიაში გუნდი 4 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ცნობილია მეტოქეთა ვინაობაც: 7 ოქტომბერი - "აკტობე" (ყაზახეთი), 10 ოქტომბერი - "ოლექსანდრია" (უკრაინა), 13 ოქტომბერი - მოსკოვის "ტორპედო" (რუსეთი), 17 ოქტომბერი - "ქაირათი" (ყაზახეთი).
