დილა, გაგრა, დინამო თბილისი, თელავი, კოლხეთი 1913, გარეჯი
Aa
Aa

დილას „ქამბექი“ თელავში, დინამო თბილისის გამარჯვება და გაგრას ფრე

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-14 ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართა. დღის პირველ მატჩში „გაგრა“ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე „კოლხეთი 1913“-ს დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ანგარიში 38-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. მარცხენა ფლანგიდან გათამაშებულ კომბინაციას ფოთელთა საჯარიმოში ნიკა კაჭარავა გამოეხმაურა, რომელმაც თავურით ბურთი ძელს გაარტყა, ძელიდან ასხლეტილი ბურთი კი პედრო ბორჟესს მიუვიდა და ამ უკანასკნელსაც ახლო მანძილიდან გატანა აღარ გასჭირვებია. სტუმრებმა წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინეს. 45-ე წუთზე, ტიმ ოლოკო-ობის მიერ შორეული გასროლა გაგრელთა მეკარემ ვერ მოიგერია. მეორე ნახევარში გოლები აღარ გასულა, მაგრამ ერთი წითელი ბარათი ვიხილეთ. 78-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა უხეშობის გამო მოედნიდან კოლხეთის კაპიტანი, ბექა ხარშილაძე გააძევა. დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და საბოლოოდ, გუნდებმა ქულები გაიყვეს.


ტურის ყველაზე სანახაობრივი მატჩი თელავში, კავკასიონ არენაზე გაიმართა, სადაც სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა 5 გოლი იხილა. ადგილობრივი „თელავი“ გორის „დილას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

თელაველები ორჯერ იგებდნენ შეხვედრას, მაგრამ დილამ ორივეჯერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და ბოლოს გამარჯვების გოლის გატანაც.

ანგარიში მე-2 წუთზე თელავმა ებენეზერ კპოზოს გოლით გახსნა. 26-ე წუთზე შოთა შეყილაძემ წონასწორობა აღადგინა, ტაიმის მიწურულს კი ჯადული იობაშვილმა პენალტი ზუსტად გამოიყვანა და შესვენებაზე თელავი ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა.

მეორე ნახევარში, 86-ე წუთზე „დილამ“ ანგარიში სირილ ედუძის გოლით გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე დეო ბასიგნამ გაიტანა.

ტურის დასკვნითი მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე ჩატარდა, სადაც „გარეჯი“ მასპინძლის სტატუსით „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

ანგარიში „დინამომ“ პირველი ტაიმის მიწურულს ნიკა ნინუას გოლით გახსნა, 50-ე წუთზე კი ვაკო გვილიამ სხვაობა ორამდე გაზარდა. 61-ე წუთზე „გარეჯმა“ თამაზ ცეცხლაძის გოლით ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

14 ტურის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 36 ქულით იბერია 1999 ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 26 ქულით გორის დილაა, მესამე ადგილს კი 25 ქულით დინამო თბილისი იკავებს. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-15 ტური 15 მაისიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები