„ბუდუს დაბრუნებას მოუთმენლად ველოდებით“ - ჰაიდენჰაიმის მწვრთნელი
„ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ შმიდტმა „ბოხუმთან“ მატჩის წინ ბუდუ ზივზივაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
შმიდტის თქმით, ბუდუ რამდენიმე დღეა, რაც გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მატჩამდე კი კიდევ ორი დღეა, ამიტომ, მოსალოდნელია, რომ ის „ბოხუმთან“ თამაშს შეძლებს.
„მატიას ჰონსაკი წინა კვირაში დაგვიბრუნდა და 15 წუთი ითამაშა - ეს დატვირთვა მისთვის მაქსიმუმი იყო. ამ კვირაში ის თავს კარგად გრძნობს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჰონსაკის მსგავსად, ბუდუ მხოლოდ რამდენიმე დღეა, რაც საერთო ჯგუფში დაბრუნდა. წინ კიდევ ორი ვარჯიში გვაქვს, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ბუდუ განაცხადში იქნება. ვფიქრობ, ამას „ჰაიდენჰაიმში“ ყველა მოუთმენლად ელოდება“.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის ქართველმა ფორვარდმა ტრავმა 29 მარტს „ვოლფსბურგთან“ გასვლით შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ „ლევერკუზენთან“, „ფრანკფურტთან“, „ბაიერნთან“ და „შტუტგარტთან“ მატჩები გამოტოვა.
აქვე გეტყვით, რომ „ჰაიდენჰაიმი“-„ბოხუმის“ მატჩი 2 მაისს, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ზივზივაძის გუნდი 25 ქულით სატურნირო ცხრილის მე-16 ადგილზეა და ბუნდესლიგაში დარჩენისთვის იბრძვის.