გულიაშვილი ფინალში ითამაშებს | სარაევოს ფორვარდი მალე დაბრუნდება
„სარაევოს’’ კაპიტანი გიორგი გულიაშვილი ტრავმირებულია. მან ბოსნიის ჩემპიონატის 4 და ბოსნიის თასის 1 მატჩი უკვე გამოტოვა, გუნდს კიდევ ერთ შეხვედრაში ვერ დაეხმარება (27 აპრილს, „ჟელეზნიჩართან’’ გასვლაზე).
CrystalSport-ის ცნობით, მინდორს სამ მაისს, „სლოგა დობოისთან’’ გასვლით შეხვედრაში დაუბრუნდება. ამ მატჩიდან ოთხ დღეში, 7 მაისს „სარაევო’’ ბოსნიის თასის ფინალში „შიროკი ბრიეგს’’ მიიღებს. ფინალი ორმატჩიანია, მეორე შეხვედრა ერთ კვირაში გაიმართება.
გულიაშვილმა ტრავმა ბოსნიის თასის ნახევარფინალში „ბორაც ბანია ლუკასთან'' მიიღო, უკანა კუნთმა შეაწუხა. რეაბილიტაცია კარგად მიმდინარეობს და ეცდება „სარაევოს'' ბოსნიის თასის მოგებაში დაეხმაროს.
გულიაშვილს საოცარი სეზონი აქვს. 23 წლის ქართველმა ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 21 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ბოსნიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას გულიაშვილი და „ველეჟის'' ხორვატი შემტევი მიხაელ მლინარიჩი 16-16 გოლით ლიდერობენ, თუმცა გულიაშვილმა 16 გოლი 23 მატჩში გაიტანა, ხორვატმა - 25-ში. ასევე, ქართველის აქტივში 2 პენალტია, ხორვატიას ანგარიშზე - 3.