7 ტურით ადრე | კახა ცხადაძემ გაბალა უმაღლეს დივიზიონში დააბრუნა
კახაბერ ცხადაძის „გაბალა“ აზერბაიჯანის უმაღლეს დივიზიონში, პრემიერ ლიგაში დაბრუნდა. პირველი ლიგის მეოცე ტურში, „გაბალა“ „ბაქუ სპორტინგს“ სტუმრად დაუპირისპირდა და მეტოქე 5:0 გაანადგურა, რის შემდეგაც, საგზური გაინაღდა.
პირველი ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე კიდევ 7 ტურია დარჩენილი, მაგრამ „გაბალას“ დაწევის შანსი არავის აქვს. ცხადაძის გუნდი ფენომენალურად გამოიყურება და 20 შეხვედრიდან 16 მოიგო, 4-ჯერ ფრეს დასჯერდა და ჯერჯერობით, დაუმარცხებელია.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „გაბალას“ დაცვა. აზერბაიჯანულ კლუბს, საკუთარ მოედანზე გოლი არ გაუშვია, თავად კი 15 ბურთი შეაგდო. სტუმრად გამართულ შეხვედრებში, „გაბალას“ კარი 4-ჯერ აიღეს, ცხადაძის ბიჭებმა კი 26 გოლი გაიტანეს.
ცნობისთვის, ცხადაძემ „გაბალა“ 2024 წლის თებერვალში ჩაიბარა და გუნდი პრემიერ ლიგიდან გავარდნას ვერ გადაარჩინა, თუმცა, უმაღლეს დივიზიონში მალევე დაბრუნდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს