ღრმა ვენების თრომბოზი | ლილარდი კალათბურთს გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა
„მილუოკი ბაქსის“ სუპერვარსკვლავი, დემიენ ლილარდი გუნდს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა. 34 წლის გამთამაშებელს ღრმა ვენების თრომბოზი დაუდგინდა და ჯერჯერობით უცნობია, პარკეტს როდის დაუბრუნდება.
„დეიმ დოლას“ თრომბი მარჯვენა ფეხში აღმოუჩინეს. ლილარდი სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს უკვე იღებს და როგორც „ბაქსის“ გენერალურმა მენეჯერმა, ჯონ ჰორსტმა განაცხადა, ექიმების თქმით, სიტუაცია ერთჯერადია და განმეორების ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ მოხდა ის, რის გაკონტროლებაც არ შემიძლია. სამედიცინო შტაბთან ერთად, პირველ რიგში, ჩემს ჯანრმთელობაზე ვზრუნავთ. კალათბურთი მიყვარს, მაგრამ შვილებსა და ოჯახზე უნდა ვიფიქრო. მადლობელი ვარ კლუბის, რომელმაც რეაგირება ოპერატიულად მოახდინა და უდიდესი თანადგომა გამომიცხადა. ვაპირებ, ეს პრობლემა მოვაგვარო და კარიერა გავაგრძელო“, - განაცხადა ლილარდმა.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, მსგავსი პრობლემა „სან ანტონიო სპურსის“ სუპერვარსკვლავს, ვიქტორ ვემბანიამას დაუდგინდა. მიმდინარე სეზონში, ლილარდი „ბაქსის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო და საშუალოდ 24.9 ქულას, 4.7 მოხსნასა და 7.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.