Aa
Aa

საქართველოს მე-2 ლიგიდან აზერბაიჯანის პრემიერ ლიგამდე - გაიცანით თამაზ ცეცხლაძე...

აზერბაიჯანის პრემიერ ლიგას 2017-18 წლების სეზონიდან, „საბაილის“ სახით, ახალი კლუბი შეემატა, რომლის რიგებშიც 21 წლის ქართველი მცველ-ნახევარმცველი თამაზ ცეცხლაძე თამაშობს.

„ტამაზი“

სწორედ ასე მოიხსენიებენ ქართველ ფეხბურთელს ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგები.

იგი ქართულ კლუბებში ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა, ხოლო „საბაილში“ უნივერსალად აქციეს და 3 პოზიციაზე ათამაშეს - ცენტრალურ მცველად, ცენტრალურ ნახევარმცველად და გამთამაშებლად.

ჩვენთან საუბრისას თაზომ აღნიშნა, რომ პოზიციის შერჩევა მისი პრეროგატივა არაა, თუმცა ყველაზე თავისფულად თავს საყრდენის ფუნქციების შესრულებისას გრძნობს.

კარგი ფიზიკური მომზადება, პოზიციის შერჩევისა და თამაშის წაკითხვის უნარი, ართმევაზე აგრესიული და ეფექტური მოქმედება და რაც მთავარია, საქმისადმი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით მიდგომა - ის თვისებებია, რომელმაც ქართველი ფეხბურთელი „საბაილში“ სინჯებზე მისვლიდან მოკლე ხანში, გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად აქცია.

„მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოდი და ასეა ცხოვრებაშიც. მამაჩემი და „ოლიმპში“ ჩემი მწვრთნელი გუბაზ დოლიძე მეუბნებოდნენ, რომ შრომის გარეშე არაფერი გამოვა.

ვფიქრობ, თუკი გაქვს მიზანი და მისთვის ყოველდღე თუნდაც მცირედს აკეთებ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაგიფასდება“.

ცეცხლაძემ ფეხბურთის თამაში 35-ე საფეხბურთო სკოლაში, ვლადიმერ ვაშაძის ხელმძღვანელობით დაიწყო. მისი პირველი კლუბი მე-3 ლიგის „იბერია“ იყო, საიდანაც ჯერ „ვიტ ჯორჯიას“ მე-2 გუნდში, შემდეგ „ცხუმში“, ხოლო ბოლოს „გარდაბანში“ გადავიდა.

სწორედ „გარდაბანის“ ხელმძღვანელთა დახმარებით მოხვდა ცეცხლაძე „საბაილში“, რომელიც 2016 წელს დაარსებული გუნდია და პირველი დივიზიონის გავლით, უკვე აზერბაიჯანის უმაღლეს ლიგაში თამაშობს.

„საბაილი“

როგორც უკვე ვთქვით, 2016 წელს დაარსებული დედაქალაქური გუნდი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს.

თაზოს თქმით, თანაგუნდელები და მწვრთნელები მეგობრულები არიან, რაც გუნდს ერთი მიზნის გარშემო აერთიანებს და მოედანზე დადებითი განწყობა იგრძნობა, პირადად მისთვის კი ეს ყველაფერი ადაპტაციის გავლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.

„ამ სეზონის მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, რაც ჩვენს ძალებს არანაირად არ აღემატება, თანაც ცხრილში კონკურენტებთან ქულების საკმაო ჰანდიკაპიც გვაქვს“.

აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში ზამთრის შესვენებაა. „საბაილი“ სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას 6 ქულით უსწრებს.

„საბაილის“ მთავარი მწვრთნელი აზერბაიჯანის ნაკრების ყოფილი და საკმაოდ სახელიანი ფეხბურთელი სამირ ალიევია.

გუნდის რიგებში კი ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად, რამდენიმე ცნობილი და გამოცდილი ადგილობრივი თამაშობს.

ჩვენებური ამბობს, რომ გუნდში განვითარებისკენ სწრაფვა იგრძნობა და ხელმძღვანელობას საინტერესო სამომავლო გეგმები აქვს.

 

ახალგაზრდული ნაკრები

აზერბაიჯანის უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე ერთადერთ ქართველ ფეხბურთელს, სექტემბერში საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებში გია გეგუჩაძემ დაუძახა და ერთ-ერთ ამხანაგურ შეხვედრაში ათამაშა.

„როცა ნაკრებში მიწვევის შესახებ გავიგე, ავტობუსში ვიყავი და მომენტალურად ცრემლები წამომივიდა, რითაც გარშემომყოფები შევაშინე.

ოფიციალურ მატჩში არ მითამაშია და შემდეგ მიწვევაც აღარ მიმიღია, თუმცა ყურების ჩამოყრა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.

ყველა მწვრთნელს თავისი არჩევანი, შეხედულება და საფეხბურთო ფილოსოფია აქვს, რაც სრულიად ბუნებრივია.

ჩემს საქმეს უფრო მეტი შემართებით ვაგრძელებ და ახალ შანსს ველოდები.

ახალ მწვრთნელ გია ცეცაძის მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი. ვფიქრობ, ის ჩვენი ნაკრებისთვის წარმატებული და შედეგიანი მწვრთნელი გამოდგება და სწორედ ამას ვუსურვებ“.

სამომავლო გეგმები და მიზნები

ახალგაზრდა ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ ტრავმები განვითარებაში ხელს არ შეუშლის, თავად კი წარმატებისთვის, ჩვეულად ბოლომდე იბრძოლებს და ბევრს იშრომებს.

ამ ეტაპზე, მისი გეგმები „საბაილს“ უკავშირდება. აზერბაიჯანული ფეხბურთი პროგრესს სწრაფი ტემპებით განიცდის და იქ წარმატებული თამაშით კარიერის აწყობა უფრო შესაძლებელია, ვიდრე, სამწუხაროდ, საქართველოდან...

ცეცხლაძის მთავარი მიზანი კი, რა თქმა უნდა, თავის ქვეყანას უკავშირდება.

„იმედია ტრავმები ხელს არ შემიშლის და დასახულ მიზანს მივაღწევ, რაც საქართველოს ნაკრებსა და ძლიერ საფეხბურთო ჩემპიონატში თამაშს გულისხმობს.

ნაკრებს მზა ფეხბურთელი სჭირდება, იმ მომენტში საუკეთესო ფორმაში მყოფი და უაღრესად მოტივირებული.

ჩემი აზრით, საკუთარი ქვეყნის ნაკრებში თამაში და მისი ღირსების დაცვა, უდიდესი მწვერვალია“.

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები