ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, დევიდ უები
Aa
Aa

„ევრო 2024-ზე მიღებული გამოცდილება სწორად უნდა გამოვიყენოთ“ | სანიოლის ასისტენტის ინტერვიუ

ცნობილი ბრიტანული გამოცემა, World Football Index-ი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტთან, დევიდ უებთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ინგლისელი სპეციალისტი ჩვენი ნაკრებისა და ქართველი ფეხბურთელების შესახებ საუბრობს.

დევიდ უების ინტერვიუ:

როგორ მოხვდით საქართველოს ნაკრებში?

ეს ვილი სანიოლის დამსახურებაა. ჩვენი ურთიერთობა დაახლოებით 10 წელს ითვლის. პირველად ერთმანეთს საფრანგეთში შევხვდით, სანამ „ტოტენჰემში“ დავიწყებდი მუშაობას, ის კი საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებში მუშაობდა და ამავე ქვეყნის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი იყო. სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები გავცვალეთ და ერთმანეთის ხედვები მოგვეწონა. ამის შემდეგ რამდენიმე წელი ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს.

როდესაც „იორკში“ სტაჟირება დავასრულე, ვილიმ მითხრა, რომ უნდოდა მის სამწვრთნელო შტაბში წავსულიყავი. მოლაპარაკებების დასრულებას გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ საბოლოოდ როლები, პასუხისმგებლობები და მოლოდინები განისაზღვრა და საქართველოს ნაკრებს გასული წლის აგვისტოში შევუერთდი.

ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიკაცია და პლეი-ოფის საგზური:

როდესაც მარტში ლუქსემბურგი და საბერძნეთი დავამარცხეთ და ევროპის ჩემპიონატზე ვკვალიფიცირდით, საწყისი ამოცანა, რაც დავისახეთ, ტურნირისგან მაქსიმალური სიამოვნებისა და გამოცდილების მიღება იყო. თუმცა, ასევე გვინდოდა, რომ სერიოზული მიზანიც გვქონოდა. იქ მხოლოდ მაყურებლად და ტურისტებად არ წავსულვართ, გადავწყვიტეთ, რომ კონკურენცია ნებისმიერი გუნდისთვის გაგვეწია.

ვიცოდით, რომ რამდენიმე გამორჩეული მოთამაშე გვყავდა - მინიმუმ 2-3 ფეხბურთელი უმაღლეს დონეზე თამაშობს. მათ გარდა, გვყავდა მყარი პროფესიონალებისგან შემდგარი ძლიერი ბირთვი, რომლებიც ევროპის კონკურენტულ ლიგებში თამაშობენ. როდესაც ჩვენი ჯგუფი გავაანალიზეთ, გულწრფელად გვჯეროდა, რომ პლეი-ოფში გასვლის შანსი გვექნებოდა. თუ ყველა თამაშში ჩვენს მაქსიმუმს ვაჩვენებდით, ვიცოდით, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლას შევძლებდით და ეს გავაკეთეთ კიდეც.

ტურნირს უშიშრად მივუდექით... ასე ვთქვათ, ბორკილები მოხსნილი გვქონდა. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი თამაში გვეთამაშა და ჩვენი მეტოქეების ძლიერი და სუსტი მხარეებიც ვიცოდით. იმის მოლოდინი, რომ შორს წასვლას ვერ შევძლებდით, ჩვენთვისვე დადებითად მუშაობდა, ეს ჩვენგან სიურპრიზის ელემენტი იყო.

თუმცა, ამის მიღმა ჩვენი ძლიერი მენტალიტეტიც იდგა - გუნდური სულისკვეთება და პოზიტიური გარემო, რამაც ნამდვილად შექმნა ამ წარმატების საფუძველი. ამ ფაქტორებით, ინდივიდუალურ ნიჭსა და გუნდურ ერთიანობასთან ერთად, დარწმუნებულები ვიყავით, რომ რაღაც განსაკუთრებულის მიღწევა შეგვეძლო.

პორტუგალიასთან გამარჯვება?

ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. ეს სწორედ იმ თამაშს მიეკუთვნებოდა, რომელიც აუცილებლად მოსაგები გვქონდა, რათა ჯგუფური ეტაპიდან გავსულიყავით. ჩეხეთთან და თურქეთთან ძლიერი თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ.

პორტუგალიის წინააღმდეგ თამაშამდე, გუნდში სიმშვიდე იყო. დასაკარგი არაფერი გვქონდა. იმის მიუხედავად, რომ პორტუგალიამ შემადგენლობაში ბევრი ცვლილება შეიტანა, მათ მაინც ჰყავდათ რონალდუ და ასევე, ბევრი უმაღლესი დონის ფეხბურთელი. პირველ სამ-ოთხ წუთში გოლის გატანა სიურრეალისტური მომენტი იყო - მოულოდნელი... ჩვენ 1:0 დავწინაურდით და ასეთი შეგრძნება დაგვეუფლა: „ვაუ, ეს ახლა ძალიან გრძელი თამაში იქნება“.

არ მოვდუნდით და ვიცოდით, რომ თუ ჩვენს სათამაშო გეგმას გავყვებოდით, რაღაცის მიღწევა რეალურად შეგვეძლო. როდესაც მატჩი გაგრძელდა და მეორე ტაიმში მეორე გოლი გავიტანეთ, ეს ფიქრები უკვე რეალობად იქცა - „დიახ, ეს ნამდვილად ხდება“. მესამეს გატანაც შეგვეძლო... რაც ხდებოდა, უბრალოდ დაუჯერებელი იყო. გუნდმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

პირადად მე ემოციების ქარიშხალი გავიარე - ეიფორია, მღელვარება და უზომო სიამაყე. რეიტინგში 70-ე ადგილზე მყოფი გუნდი ასობით მილიონი ფუნტის ღირებულების ნიჭიერ ფეხბურთელებს ვეთამაშეთ... ეს იყო მომენტი, რომელიც ჩვენთვის ყველაფერს შეცვლიდა და ასეც მოხდა.

ამაყი იმიტომ ვიყავი, რომ პირველ რიგში, გუნდმა ჩვენი გეგმა, რომელზეც მთელი კვირის განმავლობაში ვმუშაობდით, 100%-ით შეასრულა, თანაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ, უნაკლოდ... მწვრთნელის პერსპექტივიდან ამის დანახვა დაუვიწყარი და წარმოუდგენელი გამოცდილება და გრძნობა იყო.

კვარაცხელიასთან საქმიანი ურთიერთობა:

დიახ, სწორად აღნიშნეთ, ის საუკეთესო პროფესიონალია. როდესაც ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ვხვდები და ვხედავ, როგორ მუშაობს მოედანზე, ეს ყველაფერი წარმოუდგენელია. ის დიდი ნიჭის მქონეა - შესანიშნავი ტალანტი, ბრწყინვალე დრიბლიორი, შესანიშნავი ტემპი აქვს და ტექნიკურია, ასევე ინტელექტუალი, შეუძლია როგორც გოლის გატანა, ისე საგოლე მომენტების შექმნა.

მას დიდი პოტენციალი აქვს. ის სხვა ფეხბურთელებსაც ეხმარება, მისი მენტალიტეტი და დამოკიდებულება ყველასთვის სამაგალითოა. თან ამავდროულად, ძალიან თავმდაბალი ბიჭია. როდესაც გუნდთან ერთად ემზადება და ვარჯიშობს, ვერც კი შეამჩნევთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. დიახ, ვარჯიშებზე მისი ხარისხი იგრძნობა და ვხედავ, მაგრამ ამის გარეთ, ის ერთი ჩვეულებრივი ბიჭია.

მას ძალიან უყვარს თავისი ქვეყნისთვის თამაში, არის თავმდაბალი, მაგრამ ამავდროულად, მას აქვს დაუჯერებელი სურვილი, რომ იყოს საუკეთესო. როდესაც ყველა ამ გონებრივ თვისებას მის ნიჭს შეუთავსებ, დაინახავ, თუ რატომ იქნება მომავალში კიდევ უფრო გამორჩეული.

ორი გამარჯვება ერთა ლიგის მიმდინარე სეზონში და სამომავლო მიზნები:

ერთა ლიგის დაწყებამდე, ვისაუბრეთ, რომ ევროპის ჩემპიონატიდან წამოსული ძლიერი იმპულსი უნდა შეგვენარჩუნებინა. ჩემი, როგორც სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წევრის მთავარი მოვალეობა, გარდა ანალიტიკური შეფასებებისა, ის იყო, რომ თამაშის მენტალურ ასპექტებზეც მემუშავა. სპორტულ ფსიქოლოგიაში გარკვეული გამოცდილება მაქვს, რამდენიმე გუნდური შეხვედრა ჩავატარეთ, რომელიც ფოკუსირებული იყო ისეთი თვისებების ჩამოყალიბებაზე, როგორიცაა კომპაქტურობის შენარჩუნება და წნეხის ქვეშ მუშაობა.

მთავარი აქცენტი დაცვაში დაბრუნებისას თანმიმდევრულობაზე გავაკეთეთ. ევროზე მიღწეული წარმატებისა და ეიფორიის შემდეგ, მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვეულ აზროვნებას დავბრუნებოდით. ეს არის მენტალიტეტი, რომელიც გვინდოდა, რომ ჩამოგვეყალიბებინა - სამუშაოსთვის დაბრუნება. იმის მიუხედავად, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარმოუდგენელი გამოცდილება მივიღეთ, ჩვენ უნდა დაგვემტკიცებინა, რომ ეს ერთჯერადი წარმატება არ იყო. გადავწყვიტეთ, რომ შენობა ამ საძირკველზე დაგვეშენებინა.

ძლიერი გუნდური გარემოს პირობებში, სადაც მოთამაშეები ღრმად ენდობიან ერთმანეთს და დაუღალავად მუშაობენ ბურთთან და მის გარეთ, ძლიერი აზროვნება რჩება. ერთა ლიგის პირველი ორი მატჩის დროს ჩვენი ყურადღება თანმიმდევრულობაზე გამახვილდა - კარგი ჩვევების გამომუშავება, პროფესიონალიზმისა და ფოკუსის შენარჩუნება.

ერთა ლიგაზე ჩვენი მიზანი ჯგუფის მოგება და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსის მიღებაა, რომლის გამოყენებასაც ყველანაირად ვეცდებით. ეს შეჯიბრი გადამწყვეტია იმისთვის, რომ შემდეგი ეტაპისთვის მოვემზადოთ, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას ძლიერი პოზიციებითა და აზროვნებით გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე ორი მატჩი ელის. 11 ოქტომბერს, ვილი სანიოლის გუნდი პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება, 14 ოქტომბერს კი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთის ნაკრებს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს ზღაპრული მატჩი - ჰეთ-თრიკი და გამარჯვება ოსერთან
ზურიკოს ზღაპრული მატჩი - ჰეთ-თრიკი და გამარჯვება ოსერთან