თოფურია: თუ გინდა ცხოვრებაში რამე გქონდეს, უნდა გაბედო და შიში დაძლიო
ცნობილი ესპანური გამოცემა Cope ილია თოფურიას გაესაუბრა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც „ელ მატადორი“ თავის პირველ ნაბიჯებსაც იხსენებს და დღევანდელ დღემდე მოდის.
„ყველაფერი სკოლაში ჩხუბით დაიწყო, როდესაც ფიზკულტურის მასწავლებელმა ჩემი ძმა დაინახა და უთხრა, რომ თუ მის გაკვეთილებზე ივლიდა, მას მსოფლიო ჩემპიონად აქცევდა. ის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის გაკვეთილებს ატარებდა.
ჩვენი მშობლები ამ შეთავაზებაზე დათანხმდნენ, რამაც სრულიად გამაგიჟა. ეს ისეთი გრძნობა იყო, როდესაც ბავშვი ადამიანი ობობას როლს პირველად ირგებს და იმ მომენტში თავს დაუმარცხებლად გრძნობს. მეც ასე დამემართა და ეს ღვთიური ბედისწერა იყო.
თუ გინდა, რომ ცხოვრებაში რამე გქონდეს, უნდა გაბედო და შიში დაძლიო, რადგან არავინ და არაფერი არ მოვა და კარზე არ დაგიკაკუნებს. როცა საცხოვრებლად ესპანეთში გადავედით, მე ძალიან შემეშინდა, ეს ჩემთვის ყველაზე საშინელი მოგზაურობა იყო. თუმცა, მე რომ დავრჩენილიყავი და წუწუნი დამეწყო იმაზე, რაც არ მქონდა, ვერასდროს გავხდებოდი ის, ვინც დღეს ვარ. ცხოვრება გამბედაობით შიშების გადალახვაა და სამყარო შენ იმას მოგცემს, რაც გჭირდება.
უფალი არის ის, ვინც მომცა ვინაობა, ძალა და ხედვა. ის არის ვინც ყველაფერი თავის დროზე მომიტანა. ერთხელ ბავშვობაში, როცა 8 წლის ვიყავი თონესთან ვიდექი და საფულე ვიპოვე. ეს ერთ-ერთი ვარჯიშის დაწყებამდე მოხდა. იმ დროს ძალიან გვიჭირდა, თუმცა ნაპოვნი ფულის ტკბილეულობაში დახარჯვა არ მიფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მინდოდა. ეს ის მომენტია, როცა ხვდები რა არის შენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი, რა არის შენი ოცნება და რა გინდა, რადგან იმ დროს ნამდვილად არ შემეძლო სუპერმარკეტის წინ ვმდგარიყავი და ის მეყიდა რაც მინდოდა. ასე რომ, იმ მომენტში მივხვდი, რასაც ვეძებდი ეს ფული არ იყო. მე მინდოდა თავი სრულყოფილად მეგრძნო და გამეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც მინდოდა. და ღმერთმა მომცა ხედვა, ძალა, რომ არ მეწუწუნა იმაზე, რაც არ მქონდა. მიენდე იმას, რაც წინ გაქვს და მიიღებ ყველაფერს რაც გინდა.
არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე გქონდეს ოცნება. დაისახო მიზანი, შეგეძლოს მაღლა აიხედო და ის რეალობაში დაინახო“.
შეგახსენებთ, რომ UFC 308-ზე ქარდის მთავარი ბრძოლა თოფურია ჰოლოუეის დაპირისპირება იქნება. „ელ მატადორი“ საჩემპიონო ქამარს პირველად დაიცავს.