ტოლისო მიქაუტაძეზე: კარგად იხსნება, კარგი პასი აქვს და შეტევებსაც კარგად აგვირგვინებს
„ლიონის“ ვიცე-კაპიტანმა, კორენტენ ტოლისომ „რენის“ წინააღმდეგ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ახალ სეზონთან დაკავშირებულ მოლოდინებზე და გუნდის ახალწვეულებზე ისაუბრა, რომელთა შორის საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძეცაა.
ტოლისო მიქაუტაძეზე:
„გიორგი ძალიან კარგი ფეხბურთელი და ადამიანია. ტექნიკურად ის ძალიან ძლიერია, კარგად ფლობს ბურთს და კარგად შეეწყო ჩვენი გუნდის სათამაშო სტილს. ის კარგად იხსნება, კარგი პასი აქვს და შეტევებსაც კარგად აგვირგვინებს. მოხარული ვარ, რომ ის ჩვენთან, „ლიონში“ თამაშობს“.
ტოლისომ ასევე ისაუბრა ლიგა 1-ში „პარი სენ-ჟერმენის“ მრავალწლიან ჰეგემონიაზე და იმედი გამოთქვა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში წელს უფრო მეტი ინტრიგა იქნება.
„ჩემპიონატი კარგად უნდა დავიწყოთ. ამბიციური მოთამაშე ვარ და თითოეულ მატჩში მოსაგებად გავდივარ მოედანზე. რა თქმა უნდა, მსურს ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნება, თუმცა თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ. ჩვენი მიზანია, სატურნირო ცხრილში რაც შეიძლება მაღლა ვიყოთ. პსჟ საკმაოდ ძლიერმა ფეხბურთელებმა დატოვეს, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უფრო მეტი ინტრიგა იქნება და პარიზული კლუბი ჩემპიონატის ისევ 18-ქულიანი უპირატესობით არ მოიგებს“.
ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლიონი“ „რენს“ ესტუმრება. მატჩი 18 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.