ოთარ კიტეიშვილი, კრისტიან ილცერი
Aa
Aa

„კიტეს გარეშე თამაში უნდა ვისწავლოთ“ - ილცერი ბუნდესლიგის სტარტის წინ

ავსტრიის საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელი სეზონი დღეს, „გრაცერი“ – „ზალცბურგის“ მატჩით დაიწყო, მოქმედი ჩემპიონი „შტურმი“ კი საქმეში კვირას ჩაერთვება და ვენაში „რაპიდს“ დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანელებთან მატჩში მიღებული ტრავმა ჯერ კიდევ არ მოუშუშებია ოთარ კიტეიშვილს და 28 წლის ნახევარმცველი სარებილიტაციო პროცესის გავლას აგრძელებს, რის გამოც თანაგუნდელებს ვერ დაეხმარება. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება წინასამატჩო პრეს კონფერენციაზე გრაცელების მთავარმა მწვრთნელმა.

რა თქვა კრისტიან ილცერმა

ექიმებს ვესაუბრე და მითხრეს, რომ ჯერჯერობით ოთარ კიტეიშვილის დახმარების იმედი არ უნდა გვქონდეს. იცით როგორ არის? ტრავმის სიმძიმეზე იმდენად არ არის დამოკიდებული ყველაფერი, რამდენადაც რეციდივთან დაკავშირებულ რისკებზე.

ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენი შარშანდელი ჩემპიონობა დიდწილად ოთარის კარგი თამაშით იყო განპირობებული, მაგრამ უნდა ვისწავლოთ მის გარეშეც დადებითი შედეგის მიღწევა, რადგან ყველა ის გუნდი, რომელიც ერთ ფეხბურთელზე ზედმეტად არის დამოკიდებული, საბოლოოდ წარუმატებლობისთვის არის განწირული.

ილცერს ასევე ჰკითხეს, რამდენად შეინარჩუნებს მისი გუნდი უკვე თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე კიტეიშვილს, რაზეც უპასუხა, რომ ეს უფრო მეტად კლუბის პრეზიდენტისა და სპორტული დირექტორის პრეროგატივაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები