„სასიამოვნო ჟესტი პატარა ფანის მიმართ“ - ნეაპოლური მედია ხვიჩას საქციელს ეხმაურება
„ნაპოლისთან“ დაახლოებული გამოცემა Calcionapoli24 მონტენეგროს წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას საქციელს ეხმაურება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა 3:1 გაიმარჯვა, ქართველ შემტევთან მონტენეგროელი გოგონა მივიდა, რომელსაც სურათის გადაღება სურდა, თუმცა, სმარტფონი გაუფუჭდა. ახალგაზრდა გოგონა დაცვამ მინდვრის გაზონიდან გაიყვანა, თუმცა, ხვიჩამ მოედანი მასთან ფოტოს გადაღების გარეშე მაინც არ დატოვა.
ქართველი ფეხბურთელის ქცევას Caclionapoli24 ასე გამოეხმაურა:
„ხვიჩა კვარაცხელია მონტენეგროში თავისი გუნდისთვის აბსოლუტური გმირი იყო. პოდგორიცაში გამართული ამხანაგური მატჩის ბოლოს მასთან ახალგაზრდა გულშემატკივარი მივიდა, რომელსაც ფოტოს გადაღება სურდა, მაგრამ სმარტფონზე კამერის ამუშავება ვერ შეძლო. დაცვის თანამშრომლებმა გოგონა მოედნიდან გაიყვანეს, თუმცა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჯერ ხელი მოკიდა ფოტოს გადასაღებად, შემდეგ კი გოგონას თავის კერპთან სურათის გადაღების ოცნება მაინც აუსრულა“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მონტენეგროს მატჩში გოლები ჩვენი გუნდიდან გიორგი მიქაუტაძემ, ოთარ კიტეიშვილმა და ბუდუ ზივზივაძემ გაიტანეს, ხვიჩამ კი მიქაუტაძის გოლის ეპიზოდში საგოლე გადაცემა შეასრულა.