სტეფანო პიოლი, პაულო ფონსეკა
Aa
Aa

პიოლის შემცვლელი ცნობილია - მილანს ფონსეკა ჩაიბარებს

„მილანის“ ხელმძღვანელებმა გუნდიდან წასული სტეფანო პიოლის შემცვლელი მალევე იპოვეს. უკვე გადაწყვეტილია, რომ როსონერის პაულო ფონსეკა მოამზადებს, რომელიც წლევანდელ სეზონში „ლილს“ ავარჯიშებდა და საფრანგეთის ლიგა 1-ში მეოთხე ადგილის დაკავებით გუნდს ევროპა ლიგის საგზური მოაპოვებინა.

Gazzetta-ს ცნობით, ახალ მთავარ მწვრთნელს ლომბარდიული გრანდის ხელმძღვანელები ოფიციალურად 31 მაისს, ავსტრალიაში „რომასთან“ ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ წარადგენენ, თუმცა მხარეებს შორის აბსოლუტურად ყველა დეტალზე სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია. ფონსეკა იტალიის 19-გზის ჩემპიონთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც მისი წლიური ხელფასი 3 მილიონი ევრო იქნება.

პორტუგალიელ სპეციალისტს სამწვრთნელო კარიერის მანძილზე „ავეშში“, „ფერეირაში“, „პორტუში“, „ბრაგაში“, „შახტარსა“ და “რომაში“ უმუშავია. 2016 წელს მან „ბრაგას“ პორტუგალიის თასი მოაგებინა. ყველაზე წარმატებული პერიოდი კი დონეცკის გუნდში მუშაობისას ჰქონდა, როდესაც 3-ჯერ უკრაინის ჩემპიონი, ამდენჯერვე ქვეყნის თასის მფლობელი და ერთხელ უკრაინის სუპერ თასის გამარჯვებული გახდა. საერთო ჯამში მისმა მომზადებულმა გუნდებმა სხვადასხვა ტურნირებზე გამართული 684 მატჩიდან 362 მოიგეს, 172 ფრედ დაასრულეს და 150 წააგეს.

პიოლის ხელმძღვანელობით „მილანმა“ ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატი 75 ქულით მეორე პოზიციაზე დაასრულა. ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია და ევროპა ლიგაზე გადანაცვლებულმა როსონერიმ რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირი მეოთხედფინალურ ეტაპზე „რომასთან“ მარცხის შემდეგ დაამთავრა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიის დასასრული - სან სიროდან ჟირუ, პიოლი და კიაერი გააცილეს
ისტორიის დასასრული - სან სიროდან ჟირუ, პიოლი და კიაერი გააცილეს