ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ მაცარი, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

1404 წუთი და მხოლოდ ორი გამოტოვებული მატჩი - ხვიჩას სტატისტიკა 2024 წელს

წლევანდელ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას გოლებისა და საგოლე პასების რაოდენობის შესახებ ფეხბურთის ქართველმა გულშემატკივარმა ყველაფერი ზეპირად იცის, მხოლოდ 2024 წელს კი რამდენი შედეგიანი მოქმედებაა მის ანგარიშზე, ამის შესახებ ინფორმაცია იშვიათად ვრცელდება.

2024 წლის პირველი შეხვედრა ნეაპოლელებმა 7 იანვარს სტუმრად „ტორინოსთან“ გამართეს, მას შემდეგ კი ჯამში „ნაპოლიმ“ 20 მატჩიდან (8 ვალტერ მაცარის, 12 კი ფრანჩესკო კალცონას ხელმძღვალეობით) 6 მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და 6 წააგო. ოცი თამაშიდან ხვიჩამ მხოლოდ ორი, „ლაციოსთან“ (0-0) დისკვალიფიკაციის, „ატალანტასთან“ (0-3) კი ტრავმის გამო გამოტოვა და ნეაპოლელებმა ვერც ერთში ვერ გაიმარჯვეს. 18 შეხვედრაში 23 წლის ქართველმა მოედანზე ჯამში 1404 წუთი გაატარა თავი 5 გოლით, 3 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. გამოდის, რომ კვარას მიერ წელს გატანილი 10 გოლიდან ნახევარი 2023, ნახევარი კი 2024 წელზე მოდის. იგივეს თქმა შეიძლება მის მიერ გაკეთებულ 6 საგოლე გადაცემაზეც, საიდანაც სამი სეზონის პირველ ნახევარში, ამდენივე კი მეორე ნახევარში შეასრულა.

34 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 50 ქულით მეცხრე პოზიციაზეა. შედარებისთვის გეტყვით, რომ შარშანდელ სეზონში ნეაპოლელებს 50 ქულა პირველი წრის, ანუ 19 ტურის შემდეგ ჰქონდათ დაგროვებული. მომდევნო შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები სტუმრად „უდინეზესთან“ გამართავენ, რომელიც ორშაბათს, 6 მაისს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდესაც კვარა აქტიურობს, ნაპოლი შეუჩერებელია - იტალიური მედიის შეფასება
როდესაც კვარა აქტიურობს, ნაპოლი შეუჩერებელია - იტალიური მედიის შეფასება