კრიშტიანუ რონალდუ, ლევან კობიაშვილი, გიორგი ლორია, ალექსანდრე იაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით მუჯირი, სიმაუ საბროსა, ჟოაუ მოუტინიუ
Aa
Aa

თექვსმეტი  წლის შემდეგ - კრიშტიანუ რონალდუ ქართველების წინააღმდეგ

ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე პორტუგალიის ეროვნული გუნდი იქნება. ევროპის 2016 წლის ჩემპიონებისა და მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორების წინააღმდეგ ქართველ ფეხბურთელებს აქამდე მხოლოდ ერთხელ, თექვსმეტი წლის წინ ამხანაგურ შეხვედრაში უთამაშიათ და მეტოქემ მაშინ 2-0 გაიმარჯვა.

თამაში, რომელსაც ვიზეუს „ესტადიო მუნისიპალმა“ უმასპინძლა, პორტუგალიელებისთვის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპად განიხილებოდა, სადაც ისინი ტურნირს მეოთხედფინალიდან გერმანიასთან 2-3 მარცხის შემდეგ გამოეთიშნენ. რაც შეეხება ქართველებთან გამართულ საკონტროლო შეხვედრას, მასპინძლებმა ორივე ბურთი შესვენებამდე გაიტანეს. მე-19 წუთზე ანგარიში ჟოაუ მოუტინიუმ გახსნა, პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე კი სიმაო საბროსამ ზუსტი 11-მეტრიანით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „ლუზიტანების“ მთავარ ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს ამ თამაშამდე 10 დღით ადრე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა ქონდა მოგებული და მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ მხოლოდ პირველი ტაიმი ათამაშა. დღევანდელი საქართველოს ნაკრებიდან მაშინდელ შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს გიორგი ლორიას აქვს მიღებული, რომელიც გუნდის კარს 90 წუთის განმავლობაში იცავდა. ფეხბურთის ფედერაციის ახლანდელი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, გენერალური მდივანი დავით მუჯირი კი შეხვედრაში ცვლილებაზე ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად გავიდა, სადაც მისი მეტოქე პორტუგალიელების გარდა, თურქეთისა და ჩეხეთის ეროვნული გუნდი იქნება. საქართველო - პორტუგალიის თამაში 26 ივნისს, მესამე ტურში გელზენკირხენში გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ღვინო, ფეხბურთი და მთები | ცნობილი გამოცემის სტატია ქართულ ფეხბურთზე
ღვინო, ფეხბურთი და მთები | ცნობილი გამოცემის სტატია ქართულ ფეხბურთზე