ვილი სანიოლი, ადელ შედლი
Aa
Aa

როცა ვილიმ დამირეკა, ქარხანაში ვმუშაობდი - სანიოლის ასისტენტის ინტერვიუ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა ადელ შედლიმ L'Est Républicain-თან ინტერვიუში ვილი სანიოლზე ისაუბრა, ცხოვრების რთული პერიოდები გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებში მუშაობა სიამოვნებას ანიჭებს.

ადელ შედლი: „ვილი სანიოლი ჩემი ბავშვობის მეგობარია. სკოლაში ერთად დავდიოდით, „სენტ-ეტიენში’’ თანაგუნდელები ვიყავით, 2006 წლის შემდეგ ნანახი არ მყავდა. როცა დამირეკა და ასისტენტად მუშაობა შემომთავაზა, გაოცებული ვიყავი, თუ როგორ გაიგო ჩემი ნომერი (იცინის).

არ მავიწყდება, სად ვიყავი 3,5 წლის წინ. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის გამო კარიერა 2013 წელს დავასრულე, რასაც შემდეგ ოჯახური პრობლემები მოჰყვა. ვიდრე ვილი დამირეკავდა, ქარხანაში ვმუშაობდი, საშინელ მდგომარეობაში ვიყავი. დღეს რაც ხდება სიამოვნებას მანიჭებს, შესაძლოა ეს ჯილდოა იმ პრობლემებისა და სირთულეების გამო, რაც გადავიტანე. გაჭირვება წუწუნის გარეშე გავიარე და ამ წარმატებით ვამაყობ’’.

აღნიშნულ ინტერვიუში ადელ შედლიმ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა (იხილეთ).

2004 წელს ადელ შედლიმ ტუნისის ეროვნულ ნაკრებთან ერთად აფრიკის ეროვნებათა თასი მოიგო. საკლუბო დონეზე „სენტ-ეტიენში'' (1994-97), „სოშოში'' (1997-2004), „ისტრში'' (2004-05, 2008-10), „ნიურნბერგსა'' (2005-06) და შვეიცარიულ „სიონში'' (2006-07) თამაშობდა, გარკვეული პერიოდი ემირატებში იყო, კარიერა 2013 წელს მაროკოში, „რაჯა კასაბლანკაში'' დაასრულა.

2021 წლის თებერვლიდან ადელ შედლი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები