ვინ არის 19 წლის დიეგო დეისაძე ? - პოლონურმა კლუბმა მე-5 ლიგიდან დაიმატა
პოლონეთში, კლუბ „ტერმალიცაში’’ ბევრისთვის უცნობი 19 წლის თავდამსხმელი დიეგო დეისაძე გამოჩნდა. პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში „პოდბესკიძემ'' „ტერმალიცა'' 2:1 დაამარცხა, „ტერმალიცას'' მთავარმა მწვრთნელმა მარცინ ბროშმა დეისაძე სამატჩო განაცხადში შეიყვანა. შესაძლოა, უახლოეს შეხვედრებში მისი დებიუტი შედგეს.
ტარანის ტიპის ქართველი ფეხბურთელი, რომლის სიმაღლე 1,93 მეტრია, 15 წლიდან პოლონეთში გამოდის, ვარშავის „პოლონიას’’ ასაკობრივ და სარეზერვო გუნდებში ვარჯიშობდა, თუმცა ბიუროკრატიული მიზეზების გამო თამაშის უფლება არ ჰქონდა. ზოგადად, ქართველი ფეხბურთელებისთვის, განსაკუთრებით არასრულწლოვანთათვის, არაევროკავშირელის პასპორტი დიდი პრობლემაა.
გასულ წელს დეისაძე პოლონეთის რანგით მე-5 ლიგაში, სამოყვარულო გუნდში თამაშობდა, ახლა კი პროფესიონალი კლუბის წევრია. გარდა ამისა, მის მიმართ ინტერესი პოლონეთის მიღმაც იყო, სტაჟირებაზე გრაცის „შტურმსა'' და „ბრაგაში'' იმყოფებოდა. ასევე, კრაკოვის „ვისლაშიც’’ ვარჯიშობდა, საბოლოოდ კი „ტერმალიცაში’’ გადავიდა, ეს გუნდი პოლონეთის რანგით მეორე ლიგაშია.
მას შეტევაში, როგორც ფლანგებზე, ასევე ფორვარდის უკან თამაში შეუძლია, თუმცა მისი მთავარი პოზიცია ცენტფორვარდია.