„როგორ შევაჩერებთ კვარა-ოსიმენს?“ | იურიჩს ნაპოლის შემტევებზე ჰკითხეს
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მომდევნო შეხვედრა „ტორინოს“ წინააღმდეგ ელის. „პარტენოპეისა“ და „გრანატას“ დაპირისპირებას პარასკევს, თბილისის დროით, 23:45-ზე ვიხილავთ და მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, „ტორინოს“ თავკაცს, ივან იურიჩს „კვარასა“ და ვიქტორ ოსიმენის დუეტზე ჰკითხეს.
- იტალიის ჩემპიონი სწრაფად პროგრესირებს. როგორ შეაჩერებთ ოსიმენსა და კვარაცხელიას?
„ნაპოლის წინსვლა აქვს და ისინი მუშაობენ კონცეფციებზე, რომლებსაც კარგად იცნობენ. პარტენოპეისთან რთული მატჩი გველოდება და შეხვედრის ბედს ეპიზოდები გადაწყვეტენ. ნაპოლი არის გუნდი, რომელსაც ბევრი ჩემპიონი ჰყავს. საჭიროა, პოზიციები კარგად შევარჩიოთ და მათი ძლიერი მხარეები გავანეიტრალოთ.
იმედი მაქვს, წარმატებას მივაღწევთ, მაგრამ ეს მარტივი არ იქნება, რადგან ოსიმენი და კვარაცხელია ჩემპიონები არიან. დიბალას მსგავსად, ხანდახან ისინიც რაღაც არაჩვეულებრივს აკეთებენ. ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და ერთმანეთთან ახლოს დავრჩეთ“.
ცნობისთვის, სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელია-ოსიმენის დუეტის ანგარიშზე 20 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა. მათი „ნაპოლი“ 43 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მე-4 პოზიციაზე მყოფ „ბოლონიას“ 8 ქულით ჩამორჩება.