ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ლუკა მარკეჯანი
Aa
Aa

მარკეჯანი: ნაპოლის თამაშში ინიციატივებს მხოლოდ კვარა იღებს

Sky Sport-ის კომენტატორმა ლუკა მარკეჯანიმ Sky Calcio Club-ში „ნაპოლის'' შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, „ნაპოლიმ'' ვალტერ მაცარი არ უნდა გაუშვას, რადგან ოსიმენის დაბრუნების შემთხვევაში კლუბს შედეგიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია.

„ლუჩანო სპალეტის კარგად ესმოდა, თუ როგორ უნდა განევითარებინა კონკრეტული ფეხბურთელი, როგორ ჩაერთო კონკრეტული დავალებების შესრულებაში, რაც მისმა მემკვიდრეებმა, „ნაპოლის’’ შემდეგმა მწვრთნელებმა ვერ შეძლეს. სპალეტის შეეძლო გუნდის შეტევითი პოტენციალისთვის სწორი მიმართულება მიეცა, ტოპ დონის მწვრთნელებმა იციან, ეს როგორ გააკეთონ. არიან მწვრთნელები, რომლებმაც იციან როგორ შეუქმნან ფეხბურთელს მშვიდი გარემო და მოიტანონ ხარისხი, გუნდს მაღალი დონის ფეხბურთი ათამაშონ.

შევცვლიდი თუ არა ვალტერ მაცარის? არა. ეს მესამე სამწვრთნელო ცვლილება იქნება. თუ ოსიმენი დაბრუნდება, „ნაპოლის’’ შეუძლია უფრო შედეგიანი ფეხბურთი ითამაშოს. ოსიმენის გარეშე „ნაპოლის'' თამაშში ინიციატივებს მხოლოდ კვარაცხელია იღებს. არ ვიცი, შეუძლიათ თუ არა „ბარსელონას’’ ბარიერი დაძლევა. ოსიმენის გარეშე, მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლი'' „ბარსელონასთან'' აუტსაიდერია. „ბარსელონა’’ „ატალანტა’’ ან „ბოლონია’’ არაა, „ნაპოლის’’ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს 45 პროცენტით ვაფასებ’’.

ამ ეტაპზე საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა, ითამაშებს თუ არა ვიქტორ ოსიმენი კატალონიურ კლუბთან. ნიგერიელის შესახებ ვალტერ მაცარიმ ისაუბრა: „ის ხვალ გუნდთან ერთად ივარჯიშებს, იმედი მაქვს „ბარსელონასთან'' თამაშისთვის მზად იქნება''.

Gazzetta-ს ინფორმაციით, „ნაპოლი’’ ვალტერ მაცარის მოხსნის ვარიანტს განიხილავს. კლუბი გამოცდილ სპეციალისტს ბოლო შანსს ჩემპიონთა ლიგაზე, „ბარსელონასთან’’ მატჩში აძლევს. თუ გუნდი შედეგიან ფეხბურთს ვერ აჩვენებს, დიდი შანსია მაცარი გაუშვან და ის მარკო ჯამპაოლომ შეცვალოს. აურელიო დე ლაურენტისი მაცარის ალტერნატივად ჯამპაოლოს განიხილავს. 56 წლის ჯამპაოლო ბოლოს „სამპდორიას'' წვრთნიდა, 2022 წლიდან მოყოლებული უმუშევარია.

„ნაპოლი'' შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსელონასთან'' გამართავს. გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება „დიეგო მარადონაზე'' შემდეგი კვირის ოთხშაბათს ღამე გაიმართება, თამაში 00:00 საათზე დაიწყება. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ დიდი ალბათობით ვიქტორ ოსიმენი კატალონიური გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს. „ბარსელონასთან'' შეხვედრას სერია ა-ს 25-ე ტურში „კალიარისთან'' გასვლითი მატჩი მოჰყვება (25 თებერვალი, 18:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები