ლაციო, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

ლაციო VS ბაიერნი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლაციო“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

ჯგუფური ეტაპი - „ბაიერნი“

მიუნხენურმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დიდებულად ჩაატარა. ტუხელის შეგირდებმა 6-დან 5 მატჩი მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს. აღნიშნული ფრე „კოპენჰაგენის“ წინააღმდეგ მოულოდნელად დაფიქსირდა.

ჯგუფური ეტაპი - „ლაციო“

რომაულ კლუბს ჯგუფიდან წასვლა ცოტა გაუჭირდა. სარის გუნდმა 6 მატჩიდან 3 მოიგო, 2 წააგო და 1 ფრედ დაასრულა. აღსანიშნავია, რომ „ლაციოს“ მთავარი კონკურენტი „ატლეტიკო“ იყო, რომელსაც საკუთარ კედლებში 2 ქულა წაართვა.

შიდა ჩემპიონატი

მიმდინარე სეზონში „რეკორდმაისტერი“ ბუნდესლიგის მოგების მთავარი ფავორიტი არ არის. „ბაიერნი“ სატურნირო ცხრილში ლევერკუზენის „ბაიერს“ 5 ქულით ჩამორჩება, რომელსაც გასულ ტურში ესტუმრა და უშანსოდ 0:3 დამარცხდა.

რაც შეეხება „ლაციოს“, რომაელები გასულ სეზონთან შედარებით, სერია ა-ში ვერ ბრწყინავენ. სარის გუნდი 37 ქულით მერვე ადგილზე იმყოფება და ევრო ზონაში მოსახვედრად იბრძვის. გასულ ტურში „ლაციომ“ „კალიარი“ 3:1 დაამარცხა და „ბაიერნთან“ მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება.

დანაკლისი:

ამ მხრივ იტალიურ კლუბს პრობლემები არ აქვს. დისკვალიფიკაციის გამო მონაწილეობას რენზეტი ვერ მიიღებს. მიუნხენელებს კი საკადრო პრობლემები აქვთ. ტუხელის განკარგულებაში კომანი, დევისი, გნაბრი და ლაიმერი არ იქნებიან.

რა თქვა სარიმ მატჩის წინ?

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიამოვნების მისაღებად ვთამაშობთ. მიუხედავად ყველა იმ პასუხისმგებლობისა, რომლებიც ჩვენ უნდა ავიღოთ, უნდა ვეცადოთ, რომ მოედანზე თამაშის დროს სიამოვნების მიღების გზები ვიპოვოთ.

ძალიან რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენი მიდგომა სწორი უნდა იყოს. გამარჯვება შეუძლებელი არ იქნება. „ბაიერნი“ ფავორიტია და ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის ძლიერია. თავდაჯერებული თამაში და ნერვების შეკავება დაგვჭირდება. დადგება მომენტი, როდესაც ყველას ერთად მოგვიწევს დატანჯვა.“

რა თქვა ტუხელმა მატჩის წინ?

„მე ვიცი, როგორ ჭკვიანურად თამაშობენ იტალიელები. ასე რომ, ტაქტიკაზე ვერაფერს გეტყვით. „ლაციო“ ძალიან დისციპლინირებული გუნდია. მათი მიდგომა მკაფიოა. მაურიციო სარის ხელმძღვანელობით ისინი კონკურენტუნარიანები არიან. ვფიქრობ, ემოციური მატჩი იქნება.

დაცვის ხაზში კონკურენცია დიდია და გარანტირებული ადგილი არავის აქვს. დე ლიხტი თავის შანსს აუცილებლად მიიღებს. საკუთარ თავს უფლება უნდა მივცეთ, რომ თავდაჯერებულებმა ვითამაშოთ. ზეწოლა დიდი პრივილეგიაა. საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის კრიტიკულები უნდა ვიყოთ.

სერჟ გნაბრი თავს უკეთესად გრძნობს. ის ცალკე ვარჯიშობს. კონრად ლაიმერის რეაბილიტაცია დაგეგმილზე სწრაფად მიმდინარეობს, მაგრამ ალფონსო დევისის სიტუაცია შედარებით რთულია. რთულია კომანის მდგომარეობაც. ვისურვებდი, რომ სეზონის ამ ეტაპზე გუნდში უფრო დიდი კონკურენცია ყოფილიყო.“

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები ერთმანეთს 2021 წელს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პირველი შეხვედრა რომში გაიმართა და „ბაიერნმა“ 4:1 მოიგო, ხოლო განმეორებითი მატჩი კვლავ გერმანელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ცნობისთვის, „ლაციოსა“ და „ბაიერნის“ მომავალი შეხვედრა 14 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიაში არ იციან, ასეთ ფეხბურთელს როგორ მოექცნენ - კავანის ყოფილი აგენტი კვარაზე
იტალიაში არ იციან, ასეთ ფეხბურთელს როგორ მოექცნენ - კავანის ყოფილი აგენტი კვარაზე