სალერნიტანა, საბა საზონოვი, ივან იურიჩი
Aa
Aa

საზონოვი სალერნიტანასთან სასტარტოში იქნება - იურიჩმა ქართველ მცველზე ისაუბრა

„ტორინოს’’ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა საბა საზონოვზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ხორვატი სპეციალისტის თქმით, საზონოვი „სალერნიტანასთან’’ სასტარტოში დაიწყებს.

იურიჩი საზონოვზე: „ის თავის შანსს მიიღებს. ის არის ბიჭი, რომელიც შრომობს და გუნდს კარგად შეეწყო. მას ვხედავთ უახლოეს მატჩებში. ბოლო პერიოდში ხშირად მატჩის ბოლოს ვათამაშებდი, „სალერნიტანასთან’’ სასტარტოში იქნება’’.

შეგახსენებთ, საბა საზონოვის მთავარი კონკურენტი ალესანდრო ბუონჯორნო ტრავმირებულია. არსებობდა მოლოდინი, რომ მას ოპერაცია ჩაუტარდებოდა და სამ თვეს გამოტოვებდა, თუმცა ექიმებმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღეს, თერაპიულ კურსს გაივლის და სავარაუდოდ ერთ თვეში მოედანზე დაბრუნდება. ბუონჯორნოს არყოფნაში „ტორინო’’„სალერნიტანასთან’’, „სასუოლოსთან’’, „ლეჩესთან’’, „ლაციოსთან’’ და „რომასთან'' ითამაშებს. დიდი ალბათობით, ბუონჯორნო „ფიორენტინასთან’’ შეხვედრასაც გამოტოვებს, ეს მატჩი 2 მარტს გაიმართება. როგორც მინიმუმ, საზონოვის კონკურენტი შემდეგ ხუთ შეხვედრაში არ იქნება.

21 წლის საბა საზონოვი, რომელიც „ტორინოს'' გასულ ზაფხულში შეუერთდა, ტურინულ კლუბში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძვის. საბამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა, სასტარტოში მხოლოდ მე-7 ტურში ჰელას „ვერონასთან'' ითამაშა, თუმცა 27-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. სერია ა-ს ბოლო სამ შეხვედრაში საბამ ცვლილებაზე ითამაშა.

„ტორინო'' - „სალერნიტანას'' შეხვედრა დღეს, 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები