„ხელფასში ამხელა სხვაობა უსამართლობაა“ - ცნობილი ექსპერტი კვარა-ლეაუზე
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა, პაოლო ბარჯიჯამ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტზე თავისი აზრი დააფიქსირა. ბარჯიჯამ პარალელი რაფაელ ლეაუსთან გაავლო და აღნიშნა, რომ „ნაპოლი“ ქართველ ფეხბურთელს უსამართლოდ ექცევა.
რას ამბობს ბარჯიჯა:
რაფაელ ლეაუ კვარაზე გაცილებით მაღალ ხელფასს იღებს, დაახლოებით 6-ჯერ მეტს. იმის მიუხედავად, რომ ამ ორ მოთამაშეს შორის სახელფასო სხვაობა მაღალია, მე მაინც „ნაპოლის“ ფეხბურთელისკენ ვარ მიდრეკილი. ლეაუსთან შედარებით, მას მოედანზე განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. მართალია, ამ სეზონში ცოტა გოლი გაიტანა, მაგრამ ყოველთვის ცდილობს, რომ მოქმედების ცენტრში იყოს და „მილანის“ ფეხბურთელისგან განსხვავებით, ყველა ბურთზე იბრძვის. ვფიქრობ, ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დე ლაურენტისის დამოკიდებულება დააზარალებს. როგორც ჩანს, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მარტივი ნამდვილად არ არის.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისგან“ ხელფასის სახით 1.6 მილიონ ევროს იღებს. ბოლო დღეების განმავლობაში იტალიურ პრესაში აქტიურად იწერება, რომ დე ლაურენტისმა ქართველ ფეხბურთელს ახალი, 4-მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა, ხვიჩას გარემოცვამ ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ ტელეკომპანია „იმედთან“ კვარას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა ისაუბრა და განაცხადა, რომ „ნაპოლისგან“ კონკრეტული წინადადება არ ყოფილა.