4 წუთში მოგებული მატჩი - ჩაკვეტაძის გუნდმა ბლექბერნი დაამარცხა
ინგლისის ჩემპიონშიფის 23-ე ტურში იონ დალ ტომასონის გაწვრთნილი „ბლექბერნი'' შინ „უოტფორდს'' მე-3 წუთიდან მოყოლებული 1:0-ს უგებდა, თუმცა მატჩის მიწურულს გიორგი ჩაკვეტაძის გუნდმა თამაში შემოატრიალა. 83-ე წუთზე რაიოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა, მალევე, 87-ე წუთზე რის ჰილიმ გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო.
„უოტფორდის'' მთავარმა მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ სასტარტოს მიღმა დატოვა, თუმცა 72-ე წუთზე თამაშში ჩართო. ქართველი შემტევი ბევრს მოძრაობდა, აქტიურობდა, ორთაბრძოლებში გაბედულად შედიოდა, თუმცა გოლების შექმნაში არ მონაწილეობდა. შეტევაში ნაკლებად პროდუქტიული იყო, განსხვავებით „პრესტონთან'' გამართული მატჩისგან, როცა ბრწყინვალე გადაცემა შეასრულა (იხილეთ).
„ჩაკვე'' ბურთს 12-ჯერ შეეხო, მისი 4 პასიდან 3 ზუსტი იყო, დრიბლინგის ერთი მცდელობა ჰქონდა, თუმცა წარუმატებელი. მინდორზე 3 ორთაბრძოლიდან 1 მოიგო, მეორე სართულზე 1 ორთაბრძოლა ჰქონდა და დათმო. ბურთი 4-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.
მსაჯის მიერ დამატებული დროის ჩათვლით გიორგიმ 23 წუთი ითამაშა (18+5).
რამდენიმე მომენტი ჩაკვეტაძის თამაშიდან
„უოტფორდის'' გოლები
24 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, სასტარტოში მხოლოდ ორჯერ მოხვდა. მის აქტივში 1 საგოლე პასია.
„ბლექბერნთან'' მატჩამდე „უოტფორდის'' მთავარმა მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა:
„ვერ გეტყვით, თუ საიდან მოდის ასეთი ინფორმაციები (ჩაკვეტაძის შესაძლო წასვლაზე). რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ გიორგი ჩვენთან რჩება. ჩვენ გვიყვარს ის, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. ის ბრწყინვალე პროფესიონალია'' (იხილეთ).
23 ტურში „უოტფორდმა'' 34 ქულა დააგროვა, მე-7 ადგილზეა, მე-6 ადგილოსან „ჰალ სიტის'' 2 ქულით ჩამორჩება. მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილზე გასული გუნდები ფლეი-ოფის გზით პრემიერ ლიგაში აღზევებისთვის იბრძოლებენ. ჯერ სეზონის ბოლომდე დიდი გზაა, თუმცა ამ მოცემულობით „უოტფორდს'' პრემიერ ლიგაში აღზევების რეალური შანსი აქვს.
24-ე ტურში „უოტფორდი'' „ბრისტოლ სიტის'' მიიღებს.