ვილი სანიოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, ლუის დე ლა ფუენტე, ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„რა ვუთხარი დე ლა ფუენტეს?“ - სანიოლი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები სტუმრად ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 3:1 დამარცხდა. ვილი სანიოლის გუნდიდან ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, „ფურია როხადან“ კი თავი ლე ნორმანმა და ფერან ტორესმა გამოიჩინეს, მესამე გოლი კი საკუთარ კარში ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჟურნალისტებთან განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა სანიოლმა:

დე ლა ფუენტესთან დიალოგი? მას ვუთხარი, რომ ევროპაში საუკეთესო გუნდი ჰყავს. მჯერა, რომ ესპანეთი საუკეთესოა, ან თუნდაც ერთ-ერთი საუკეთესო მთელს მსოფლიოში. მას აქვს ყველაფერი: მეკარე, დაცვა, ნახევარდაცვა და შეტევა. ჰყავს უმაღლესი დონის მორატა, გადამწყვეტი მოთამაშე. ესპანეთი უდიდესი გუნდია და ევროპის ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.

ძალიან ვწუხვარ გავის გამო. როგორც ჩანს, ტრავმა სერიოზულია. ძალიან კარგი მოთამაშეა და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება. დღევანდელ ფეხბურთში, მუდამ ზღვარზე თამაშობ და ხშირად ასეთი შედეგიც დგება.

რაც შეეხება ჩემს გუნდს, ვფიქრობ, რომ ისტორიაში საუკეთესო მომენტში ვართ. საქმეს კარგად ვაკეთებთ, ვიზრდებით და მომავალიც კარგი გვაქვს. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და თანაბარი თამაში იყო. კომპაქტურად ვთამაშობდით, შეტევაში გადასვლას ვცდილობდით და რამდენიმე მომენტი გვქონდა. მეორე ნახევარში კი მეტოქეს ვერაფერი დავუპირისპირეთ. ამის ერთი მიზეზი ის იყო, რომ ჩვენს წინ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იდგა, მეორე კი ფეხბურთელები, რომლებიც თავის გუნდებში რეგულარულად არ თამაშობენ. ბუნებრივია, ეს მათთვის რთულია, თუმცა, საერთო ჯამში, დღევანდელი მატჩით კმაყოფილი ვარ.

ბოლო ორ თვეში საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ და გუნდის დონემაც აიწია. იმ საშინელი 7:1-ის შემდეგ, თამაში საგრძნობლად გავაუმჯობესეთ. ძალიან კარგი პირველი ტაიმი ვითამაშეთ და ეს თავდაჯერებულობისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანია.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის 8 ტურში 2 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 4-ში დამარცხდა. სანიოლის გუნდმა სატურნირო ცხრილში 8 ქულა დააგროვა და ბოლოსწინა, მე-4 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ესპანეთს, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა 21 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეორეადგილოსან შოტლანდიას 4 ქულით გაუსწრო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მწარე გამარჯვებაა“ - დე ლა ფუენტე საქართველოსთან მატჩზე
„ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მწარე გამარჯვებაა“ - დე ლა ფუენტე საქართველოსთან მატჩზე