გაბრიელ სიგუა, ბაზელი
Aa
Aa

სიგუამ სენტ. იაკობ-პარკზე ზეიმი შექმნა - შვეიცარიული მედიის გამოხმაურება

„ბაზელმა’’ ახალი მთავარი მწვრთნელის, ფაბიო სელესტინის ხელმძღვანელობით ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, შვეიცარიის თასზე სტუმრად „კრინსი’’ დაამარცხა, სუპერლიგაში გაბრიელ სიგუას გადამწყვეტი გოლით „ივერდონთან’’ 3 ქულა აიღო (2:1).

ავტორიტეტული შვეიცარიული გამოცემა SRF სტატიას ამ მატჩის შესახებ შემდეგი სათაურით აქვეყნებს: „სიგუამ სენტ. იაკობ-პარკზე ზეიმი შექმნა: „ბაზელის’’ მეორე გამარჯვება ამ სეზონის სუპერ ლიგაში’’.

სტატიაში ვკითხულობთ: „ბაზელის’’ იშვიათი მოქმედება შეტევაში გოლით დასრულდა, ეს იყო 85-ე წუთზე, როცა სიგუამ გაიტანა. მან და ტიერნო ბარიმ მცველის წინააღმდეგ ორი-ერთზე სრულყოფილად ითამაშეს. „ბაზელის’’ ფეხბურთელმა მეკარე კევინ მარტინი ახლო ძელთან „დაიჭირა’’.

Bazonline: „49-ე წუთზე „ივერდონი’’ გამათანაბრებელ გოლთან ახლოს იყო, რასაც „ბაზელის’’ მთავარი მწვრთნელის, ფაბიო სელესტინის რეაქცია მოჰყვა, სიგუა და ლანგი თამაშში ჩართო, ოგიუსტენი და დრეგერი გაიყვანა. ცვლილებებმა შედეგი მოიტანა, „ბაზელი’’ უფრო მეტად აკონტროლებდა ბურთს, დემირსა და კადეს ანგარიშის გაზრდის შანსი ჰქონდათ, თუმცა ანგარიშის გაზრდის ნაცვლად წონასწორობა აღდგა.

სიგუამ და ბარიმ „ბაზელს’’ გამარჯვება მოუტანეს, როცა ბურთი გაითამაშეს. საჯარიმოში მყოფმა სიგუამ მარტინს ახლო კუთხეში გაუტანა’’.


18 წლის გაბრიელ სიგუა გასულ ზაფხულში თბილისის „დინამოდან’’ „ბაზელში’’ გადავიდა, სუპერ ლიგის 8 მატჩში 2 გოლი შეაგდო, სადებიუტო გოლი „ციურიხთან’’ შეაგდო, როცა 90+5-ე წუთზე გუნდი მარცხისგან იხსნა.

12-გუნდიან სუპერ ლიგაში „ბაზელი'' 8 ქულით ბოლო ადგილზეა, 12 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 8 შეხვედრა დათმო. „ბაზელი'' შემდეგ ტურში „სერვეტეს'' ესტუმრება (12 ნოემბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები