2-წლიანი დისკვალიფიკაცია - პაპუ გომესი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა
ესპანური Relevo-ს ინფორმაციით, „მონცას’’ არგენტინელი ფეხბურთელი პაპუ გომესი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა, რის გამოც ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ამ ეტაპზე ცნობილი არაა, ფეხბურთელი აპირებს თუ არა ჩივილს ან თუ არსებობს სასჯელის შემსუბუქების შესაძლებლობა.
პაპუ გომესს აკრძალული ნივთიერება 2022 წლის მუნდიალის დაწყებამდე, გასული წლის ნოემბერში აღმოუჩინეს.
35 წლის ფეხბურთელმა და „სევილიამ’’ დოპინგის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ მიიღეს. ამის გამო, პაპუ გომესს გასულ ზაფხულში კლუბის პოვნა გაუჭირდა, რადგან ასე გარისკვა (პაპუ გომესის დამატება) არავის სურდა.
პაპუ გომესმა მიმდინარე წლის სექტემბერში „სევილიასთან'' კონტრაქტი გაწყვიტა და „მონცას'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
„სევილიასა'' და „მონცას'' გარდა, არგენტინელს „არსენალ დი სარანდიში'' (2005-09), „სან ლორენცოში'' (2009-10), „კატანიაში'' (2010-13), ხარკოვის „მეტალისტსა'' (2013-14) და ბერგამოს „ატალანტაში'' (2014-21) უთამაშია.
პაპუ გომესმა არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2022 წლის მუნდიალი მოიგო.