ვილი სანიოლი
Aa
Aa

შეცდომის აღიარების არ უნდა გვეშინოდეს - სანიოლის პრესკონფერენცია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მოახლოებული სანაკრებო მატჩების წინ სასტუმრო „პულმანში'' პრესკონფერენცია გამართა.

ვილი სანიოლი: „მინდა ვთქვა, რომ ესპანეთთან მატჩი საშინელება იყო. ფაქტობრივად, ფეხბურთელებმა ვერაფერი აჩვენეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პასუხისმგებლობა ჩემზეა. შესაძლოა, ესპანეთთან 3 ცენტრალური მცველით უნდა გვეთამაშა და არა ოთხით. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, ცხოვრებაში შეცდომის აღიარების არ უნდა შეგვეშინდეს. არ ვიტყვი უახლოეს შეხვედრებში სამი ცენტრალური მცველით ვითამაშებთ თუ 4 ცენტრალური მცველით. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებ.

ბოლო თამაშების წარუმატებლობა სრულ სურათს არ ასახავს. თუ მოიგებ, ყველა ბედნიერია და თუ წააგებ არავინაა ბედნიერი. ჩვენ მივესალმებით თქვენი მხრიდან ჯანსაღ კრიტიკას. 

რაც შეეხება ფეხბურთელების შერჩევას, ბევრი რამ მოთამაშეების პერფორმანსზეა დამოკიდებული. მაგალითად, ბუდუ ზივზივაძე ბევრს ვერ თამაშობს, თუმცა „კარლსრუეში'' რომ ვერ ითამაშოს, ნაკრებში მაინც გამოვიძახებ გამომდინარე ბოლო  წელიდან, ნაკრებში ძალიან კარგია, სწორი მენტალიტეტის ფეხბურთელია.

რაც შეეხება გოჩოლეიშვილსა და აბურჯანიას, მინდა მათ ვაჩვენო, რომ მათგან უფრო მეტს ველი. ჩვენ ფეხბურთელებისთვის კარს არასდროს ვკეტავთ. ფეხბურთელების შერჩევის პროცესში კრიტერიუმები ცვალებადია. 

მიჭირს ინდივიდუალურ საკითხებზე საუბარი, თუმცა რადგან თქვენ გადაწყვიტეთ, შევეხებით ამ საკითხს. ეს არ არის დასჯა, ვგულისხმობ გოჩოლეიშვილს. დასჯა სხვა რამეა. თუ ერთი მოთამაშე არის, ეს ნიშნავს რომ მეორე არ უნდა იყოს. თუ გოჩოლეიშვილი იქნებოდა, მაშინ ლობჟანიძე არ იქნებოდა. კარგად მახსოვს გოჩოლეიშვილის დებიუტი, როცა პირველად გამოვიძახეთ, მას შემდეგ ჩვენთანაა, ეს ნიშნავს რომ მას ვენდობი, თუმცა გოჩოლეიშვილი 6 გაშვებულ გოლში იღებდა მონაწილეობას, რომელიც ჩვენს კარში მივიღეთ. მე რომ ის ისევ ამეყვანა, ეს ცუდი გამოხატულება იქნებოდა. თუ შენ ჩააგდებ თამაშს და მე მაინც გამოგიძახებ, ეს შესაძლოა სხვა ფეხბურთელებზე ცუდად ასახულიყო. 

გოჩოლეიშვილი ჩემპიონთა ლიგაზეც სკამზე იყო, ეს მისი პირველი წელია უცხოეთში. მას სჭირდება დრო ახალ გარემოსთან სრულ ინტეგრაციამდე. მჯერა, ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდება. მას აქვს ის ხარისხი, რომელიც ჩვენ გვჭირდება. შეხედეთ ყველაფერს ჩემი გადმოსახედიდან, მაშინ რა ვუთხრა სხვა მოთამაშეებს, თუ გოჩო სათანადოდ ვერ ითამაშებს და მაინც გამოვიძახებ''.

ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ერთა ლიგა ჩვენი მთავარი მიზანია. მეორეს მხრივ უნდა აღვნიშნოთ, რომ საკვალიფიკაციო ტურნირში ისეთი მეტოქეები გვყავს, რომელთა ფეხბურთელები კვირაში რამდენიმე მაღალი დონის მატჩს ატარებენ.

რაც შეეხება ივა გელაშვილს, „სპეციაში'' თამაშობს, შევეცდებით ვნახოთ ცენტრალური მცველის პოზიციაზე როგორ გამოადგება საქართველოს ნაკრებს. ძალიან მნიშვნელოვანია მისი ინტეგრაცია ნაკრებში ნაბიჯ-ნაბიჯ მოვახდინოთ.

კვიპროსთან და ტაილანდთან მატჩები მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური კუთხით, რადგან შემდეგ ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრები გველის.

დაცვის პრობლემა, რომელიც თქვენ ახსენეთ, ვერ დაგეთანხმებით. დღევანდელ ფეხბურთში მთელი გუნდი იცავს თავს და მთელი გუნდი უტევს. თუ გოლს ვუშვებთ, ეს მხოლოდ მცველების ბრალი არაა. შესაძლოა, რომელიმე გარემარბს დაეშვა შეცდომა და ამას გამოეწვია გოლი.

2,5 წელია ვცდილობ საქართველოს ნაკრები სხვა ევროპულ ნაკრებებს შევადარო. საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა იმ კუთხით თუ რამდენად ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე მოხვდა ეროვნულ ნაკრებში. ეროვნული ნაკრების კარი ღიაა. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე ვწყვეტ ვინ იქნება ნაკრებში და ვინ არა.

ფეხბურთში ყველა ერთად ვუტევთ და ყველა ერთად ვიცავთ თავს. სამწუხაროდ, ახლა საბა საზონოვი ტრავმირებულია.

თუ კარგად თამაშობს ფეხბურთელი, მაშინ მას გამოვიძახებთ. ეროვნული ჩემპიონატიდან ვიძახებთ ფეხბურთელებს, თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეს საერთაშორისო დონეა, უნდა შეგეძლოს ინტენსიურად თამაში, ძალისმიერ მოქმედებებში მონაწილეობა. ჩემთვის ეს არის კრიტერიუმები გამოვიძახო თუ არა კონკრეტული ფეხბურთელი''.

ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 12 ოქტომბერს, ამხანაგურ მატჩში, ტაილანდის ნაკრებს დაუპირისპირდება. 15 ოქტომბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში საქართველოს ნაკრები კვიპროსს უმასპინძლებს. ორივე მატჩი თბილისში, „მიხეილ მესხზე'' გაიმართება.

ფოტო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები