მამარდაშვილის ვალენსიას მთავარი პრობლემა | გასულ სეზონშიც იგივე ხდებოდა
ესპანეთის ლა ლიგის მე-8 ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ბეტისს“ დაუპირისპირდა. „ღამურებმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგეს და „ვერდიბლანკოსთან“ 0:3 განადგურდნენ. „მამარდას“ ბევრი საქმე ჰქონდა და მის ანგარიშზე 4 სეივი იყო.
„ბეტისთან“ მატჩის შემდეგ, ესპანურმა გამოცემამ, El Desmarque-მა სტატია გამოაქვეყნა და „ვალენსიას“ მთავარ პრობლემაზე დაწერა. გასული სეზონის მსგავსად, „ღამურებს“ სტანდარტულ მდგომარეობებთან გამკლავება მიმდინარე გათამაშებაშიც ძალიან უჭირთ.
გასულ სეზონში, „ვალენსიამ“ სტანდარტულებიდან 14 გოლი გაუშვა, მიმდინარე სეზონში - 4. ლა ლიგის 2023/24 წლების გათამაშების 8 ტურში, მამარდაშვილის კარი 10-ჯერ დალაშქრეს და აქედან 4-ჯერ გოლი სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა, რაც შემაშფოთებელი სტატისტიკაა და El Desmarque-ი რუბენ ბარახას ვითარების გამოსწორებისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ 8 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-9 ადგილს იკავებს. „ღამურებს“ მომდევნო შეხვედრა 7 ოქტომბერს ელით და სტუმრად „მალიორკას“ დაუპირისპირდებიან, რომელიც 7 ქულით მე-16 პოზიციაზეა.