აპელაცია უარყოფილია | სელტამ სანტი მინას კონტრაქტი გაუწყვიტა
ესპანეთის სასამართლომ სანტი მინას აპელაცია არ დააკმაყოფილა და ფეხბურთელისთვის გამოტანილი განაჩენი, 4-წლიანი პატიმრობის სახით, ძალაში დატოვა. ვერდიქტი 19 ივლისს გახდა ცნობილი, „სელტამ“ კი გასამართლებულ ფეხბურთელს კონტრაქტი დღეს გაუწყვიტა.
„სხვადასხვა იურიდიული ალტერნატივის სიღრმისეული ანალიზის შემდეგ, სელტამ მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, რომ სანტი მინასთან კონტრაქტი გაწყვიტოს. ეს არჩევანი, რომელსაც ლა ლიგაც მხარს უჭერს, ასახავს კლუბის პოზიციას. კლუბის, რომელიც პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ სელტას ღირებულებები ყველაფერზე მაღლა იდგა“, - ნათქვამია ვიგოელთა განცხადებაში.
ცნობისთვის, მინა სექსუალური ძალადობის ბრალდებით გაასამართლეს, რომელსაც ადგილი 2017 წელს ჰქონდა. პატიმრობასთან ერთად, მინას მომდევნო 12 წლის განმავლობაში, დაზარალებულთან მიახლოება ეკრძალება (მინიმუმ 500 მეტრი უნდა იყოს დისტანცია) და 25 000 ევროს გადახდა მოუწია.
ესპანური პრესის ინფორმაციით, მომხდარის გამო, დაზარალებულს დეპრესია, შფოთვა და პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა აწუხებს, რომელიც მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.