მუშაობა დაწყებულია | როდის გააფორმებს კვარაცხელია ნაპოლისთან ახალ კონტრაქტს
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ დიმაროში იმყოფება და წინასასეზონო მზადებას გადის. ქართველი ფეხბურთელი გუნდს გუშინ შეუერთდა და იტალიური გამოცემების ინფორმაციით, ნეაპოლური კლუბი მუშაობას მაშინვე შეუდგა, რათა მასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმოს.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კვარაცხელია კონტრაქტს ხელს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს მოაწერს. იგი „ნაპოლის“ საკუთარ მომავალს 2028 წლის ზაფხულამდე დაუკავშირებს და კონტრაქტის ერთი სეზონით გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი. ხვიჩას ხელფასი, რომელიც ამჟამად, ყოველწლიურად, 1.2 მილიონი ევროა, 2.5-მდე გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს სადებიუტო სეზონი 12 გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. წარმატებული ასპარეზობის წყალობით, სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა და „კვარა“ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორისაა.
ცნობისთვის, „ნაპოლი“ დიმაროს 25 ივლისს დატოვებს. 28 ივლისს, „კვარა“ და კომპანია კასტელ დი სანგროში გადაინაცვლებენ და იქ 12 აგვისტომდე დარჩებიან, შემდეგ კი სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრისთვის მოემზადებიან, რომელშიც გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ დაუპირისპირდებიან.