ხვიჩა კვარაცხელია, რუდი გარსია
Aa
Aa

მეტი თავისუფლება | Gazzetta კვარაზე და რუდი გარსიას გეგმებზე წერს

ცნობილი იტალიური გაზეთის, La Gazzetta dello Sport-ის დღევანდელ ნომერში „ნაპოლის“ ახალ მთავარ მწვრთნელზე, რუდი გარსიაზე და ხვიჩა კვარაცხელიასთან მიმართებით, მის გეგმებზე დაწერეს. როგორც La Gazzetta dello Sport-ი ამბობს, ფრანგი სპეციალისტი „კვარასთან“ მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ელის და აპირებს, მას უფრო მეტი თავისუფლება მისცეს.

„კვარა ნაპოლის საფეხბურთო პროექტის ცენტრშია და ქართველ შემტევს სურს, პარტენოპეის მაისურით, რომლითაც აფეთქდა, პროგრესი განაგრძოს. რუდი გარსიას ერთი სული აქვს, როდის ავარჯიშებს ჩემპიონს, რომელიც იტალიაში 21 წლის ასაკში ჩავიდა და სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი დაისაკუთრა. რის გაკეთება შეუძლია ხვიჩას მეორე სეზონში? როცა სუფთა სისხლის ცხენი გყავს, ზუსტად ისეთი, როგორიც ქართველია, ლაგამს არ უნდა მოქაჩო და ჩემპიონს, რომელმაც თავისი უზარმაზარი პოტენციალის მხოლოდ მცირე ნაწილი გამოავლინა, თავისუფლება მისცე.

გარსია არის მთავარი მწვრთნელი, რომელიც 4-3-3 ტაქტიკასა და უკან დაწეულ დაცვით ხაზს იყენებს. ეს ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგის ხაზებს უკან, შემტევებს მეტი სივრცე შეექმნებათ და შეეძლებათ, მეტოქეებს სხვადასხვანაირად შეუტიონ. ყველას ახსოვს, გარსიას ფორმაციის რომაში ჟერვინიოს რა მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა და მოწინააღმდეგის დაცვითი ბარიერების წინააღმდეგ როგორი იარაღი გახლდათ. კვარა ჟერვინიოსნაირი სწრაფი არაა, მაგრამ მასზე ბევრად ტექნიკურია. რუდი შეეცდება, თბილისელი მარგალიტის უნარები ბოლომდე გახსნას და მას განსხვავება უფრო მეტად შეაქმნევინოს. და თუ მისი ტყუპისცალი, ვიქტორ ოსიმენიც დარჩა, მათი ხილვა ძალიან საინტერესო იქნება“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს სადებიუტო სეზონი 12 გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. წარმატებული ასპარეზობის წყალობით, სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა და „კვარა“ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორისაა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ბევრი რამაა, რასაც ჩემ სასარგებლოდ გამოვიყენებ“ - ვოლკი ილიასთან ჩხუბზე თანახმაა
    „ბევრი რამაა, რასაც ჩემ სასარგებლოდ გამოვიყენებ“ - ვოლკი ილიასთან ჩხუბზე თანახმაა