საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი
Aa
Aa

დრამატული დასასრული - საქართველო პენალტების სერიაში დამარცხდა

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის 1/4-ფინალში საქართველო-ისრაელის მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა. პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრები 3:4 დამარცხდა, ისრაელის ნაკრებმა 4 დარტყმიდან ყველა ანგარიშში ასახა, საქართველოს ნაკრებმა 5 პენალტიდან მხოლოდ 3 შეაგდო.

პენალტების სერია: აზაროვი 1:0, კოენი 1:1, დავითაშვილი 2:1, განდელმანი 2:2, გაგუა 2:2 (მეკარემ აუღო), ჰალაილი 2:3, მოისწრაფიშვილი 3:3, გლუხი 3:4, ხვადაგიანი 3:4 (ბურთი ძელს გაარტყა).

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, პირველი ტაიმი ისრაელის ნაკრების უპირატესობით მიმდინარეობდა, მეტოქეს პირველი ტაიმის დასაწყისში გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, როცა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების დაცვის ხაზი „ჩავარდა“, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულმა ფეხბურთელმა ბურთის კარს ააცილა. ანალოგიურად, მეორე ტაიმის დასაწყისში ისრაელის ნაკრებმა რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, თუმცა მეორე ტაიმსა და დამატებით დროში საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი მოიპოვა, მაგრამ სვანაძის გუნდს რეალური საგოლე მომენტების შექმნა ძალიან უჭირდა.

დამატებით დროში ისრაელის ნაკრების ფეხბურთელები აშკარად დაიღალნენ, ფიზიკური მომზადების კუთხით ქართველმა ფეხბურთელებმა უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს, თუმცა ეს გარემოება რეალური საგოლე მომენტების შესაქმნელად ვერ გამოიყენეს.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი, 97-ე წუთზე რამაზ სვანაძემ საყრდენი ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე ფორვარდით, გიორგი გულიაშვილით შეცვალა, თუმცა შემტევი სტილის ფეხბურთელების სიმრავლემ შედეგი ვერ მოიტანა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მხრიდან ერთ-ერთი საუკეთესო ირაკლი აზაროვი იყო, რომელიც შეტევებს ამწვავებდა და შეტევების განვითარებაში აქტიურად მონაწილეობდა. ასევე აღსანიშნავია გიორგი მამარდაშვილის საიმედო თამაში, რომელიც უშეცდომო იყო, თუმცა პენალტების სერიაში ვერც ერთი დარტყმა მოიგერია.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად ითამაშა, 1/4-ფინალში გავიდა, საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვედრა ისტორიული წარმატებაა. 

საქართველო: მამარდაშვილი, გელაშვილი (ხვადაგიანი 46), კალანდაძე, ლუკა გაგნიძე (გულიაშვილი 97), დავითაშვილი, მექვაბიშვილი (კ), გაგუა, გოჩოლეიშვილი, საზონოვი, აზაროვი, წიტაიშვილი (მოისწრაფიშვილი 70)

ისრაელი: პერეცი, ჯაბერი (ხალაილი 106), კოენი, განდელმანი, კარცევი (ჰოფმაისტერი 51), გორნო (ლაიუსი 63), გლუხი, ტურჯემანი (აბუ რუმი 112), აზულაი (ბილუ 80), ლემკინი, ჰაგაგი

რაც შეეხება ოლიმპიადის საგზურს, საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადაზე თამაშის შანსი კვლავ აქვს:

თუ საფრანგეთი-ინგლისიდან ნახევარფინალში მხოლოდ ერთი ნაკრები გავა, ოლიმპიადაზე დანარჩენი 3 ნახევარფინალისტი მოხვდება.

თუ ნახევარფინალში საფრანგეთი და ინგლისი ვერ გავლენ, მე-3 ადგილისთვის მატჩი უნდა შედგეს. მატჩი ნახევარფინალში დამარცხებულებს შორის გაიმართება.

თუ ნახევარფინალში ერთდროულად საფრანგეთიც გავა და ინგლისიც, ოლიმპიური საგზურისთვის დამატებითი მატჩი მეოთხედფინალში დამარცხებულ საუკეთესო გუნდებს შორის შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები