ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი
Aa
Aa

„კვარადონას არაფერი გამოუვიდა“ - Daily Record-ი საქართველოსა და შოტლანდიის მატჩზე

ბრიტანული გამოცემა, Daily Record-ი შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს გამოეხმაურა, რომელიც „სკოტებმა“ 2:0 მოიგეს. Daily Record-მა 5 სალაპარაკო თემა დაასახელა, რომლებსაც აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ყურადღება უნდა მივაქციოთ და ორი მათგანი „ჯვაროსნებს“ უკავშირდება. ერთი ხვიჩა კვარაცხელიას ეხება, მეორე - ვილი სანიოლს.

ხვიჩა კვარაცხელიაზე

„გლაზგოში ჩასულ საქართველოს ბოლო 15 შეხვედრიდან მხოლოდ 1 ჰქონდა წაგებული და წარმატებული მსვლელობისას სკალპი რამდენიმე შთამბეჭდავ მეტოქეს ახადა. შეხვედრის დაწყებამდე, ქართველთა თავკაცმა, ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ იქნებოდა მატჩი, რომლის მოგებაც ორივე გუნდს შეეძლებოდა, მაგრამ ჯვაროსნებმა ჰემპდენ პარკზე ეს ვერ დაამტკიცეს.

საქართველო პროგრესის გზაზე მყოფი ნაკრებია, მაგრამ შოტლანდიის წინააღმდეგ უბრალოდ განადგურდა და ისინი მარცხის გამამართლებელ მიზეზად წვიმას მოიყვანენ. შოტლანდია კლასით საქართველოზე ერთი თავით მაღლა იდგა, მოედნის ყველა ნაწილში უკეთესი ფეხბურთელები ჰყავდა და სტუმრების ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას მარცხენა ფლანგზე არაფერი გამოუვიდა. აარონ ჰიკიმ სერია A-ს სეზონის საუკეთესო მაქსიმალურად შეზღუდა.

ნაპოლის შემტევს, რომელსაც დიეგო მარადონას ადარებენ, პატარ-პატარა გამონათებები ჰქონდა, მაგრამ სტივ კლარკის უკანახაზი ვერ გამოცადა. ეს შოტლანდიის პროგრესისა და თავდაჯერებულობის დამადასტურებელი ნიშანია. მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ, მეოთხე კალათიდან ამოსული საქართველოს წინააღმდეგ, რომელთანაც სასურველი შედეგის დაფიქსირება ჭირდა, საქმე ბოლომდე მიიყვანონ“.

ვილი სანიოლზე

„ქვეყნების ეროვნული ჰიმნებისას, სტადიონის მომსახურე პერსონალი უშედეგოდ ცდილობდა, მოედნის საფარი სათანადო მდგომარეობაში მოეყვანა. ვილი სანიოლმა მსაჯს პირველივე წამზე მიმართა და უთხრა, რომ თამაში შეუძლებელი იყო. უნგრელი რეფერი მას შოტლანდიის გოლის შემდეგ დაეთანხმა და გუნდები გასახდელში გაიყვანა.

მიღებული ბურთის შემდეგ, სანიოლის თხოვნების აგრესიულობა გაიზარდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ მოედანი საშინელ კონდიციებში გახლდათ და წყლის გუბეები ბურთს მოძრაობაში ხელს უშლიდა. სანიოლს სტივ კლარკიც კი ეთანხმებოდა და იზიარებდა მის პოზიციას, რომ მატჩი უნდა შეწყვეტილიყო.

საბოლოოდ, 20-წუთიანი პაუზა გამოცხადდა და სტადიონის მომსახურე პერსონალმა მინდვრის საფარის წყლისგან გაწმენდა დაიწყო. 4-ჯერ ჩატარებული ინსპექციისა და 1.5-საათიანი პაუზის შემდეგ, შეხვედრა განახლდა და სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები ქართველ ფეხბურთელებს სტვენით შეეგებნენ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 3 თამაში გამართა და 4 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. შოტლანდიას 12 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მატჩის დაწყება ცუდი გადაწყვეტილება იყო“ - რას წერს Mirror-ი შოტლანდია VS საქართველოზე
„მატჩის დაწყება ცუდი გადაწყვეტილება იყო“ - რას წერს Mirror-ი შოტლანდია VS საქართველოზე