სანიოლი: „ნაკრებში ძალიან კარგი ატმოსფეროა, შევხვდებით შოტლანდიაში“
ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში კვიპროსის ეროვნულ ნაკრებთან მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ლარნაკას AEK არენაზე პრესკონფერენცია გამართა.
ვილი სანიოლი: „ძალიან ახალგაზრდა გუნდი მყავს. ვფიქრობ,რომ გარკვეული ფეხბურთელები ნაკრებთან ურთიერთობის პროცესის დროს ბევრ სიახლეს სწავლობენ. რა თქმა უნდა ყველა გამარჯვება სასიამოვნოა. დღეს და ხვალ დავჯდები თანაშემწეებთან და შეცდომებს განვიხილავთ. საკვალიფიკაციო ეტაპია და მსგავსი გამარჯვებები მნიშვნელოვანია. ცვლილების დროს პოზიტივის მოლოდინია და მათმა გამოსვლამ ეს ნათლად გამოაჩინა. ასევე გამოჩნდა,რომ ნაკრებში ძალიან კარგი ატმოსფეროა. შემდეგი თამაში ჯგუფის ლიდერთან გვაქვს და ძალიან მძიმე მატჩს ველი. ბევრი გუნდი ვერ იგებს ნორვეგიაში და ეს მათ სიძლიერებს ამტკიცებს. შევხვდებით შოტლანდიაში“
კვიპროსი-საქართველოს მატჩში ანგარიში 31-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გახსნა. მე-40 წუთზე იოანის პიტასმა პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი ცვლილებაზე გამოსულმა ზურიკო დავითაშვილმა 84-ე წუთზე გაიტანა - 2:1.
შეგახსენებთ, მიმდინარე შესარჩევ ციკლში კვიპროსის ნაკრებმა პირველი მატჩი შოტლანდიასთან სტუმრად დათმო (3:0).
თემურ ქეცბაიას გუნდი მესამე მატჩს ნორვეგიასთან სტუმრად 20 ივნისს გამართავს. ამავე დღეს, საქართველოს ნაკრები „ჰემპდენ პარკზე“ შოტლანდიას დაუპირისპირდება.
დავით სხირტლაძე ლარნაკადან სპეციალურად კრისტალსპორტისთვის
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს