ტრანსფერები და ხელფასის გაზრდა | სპალეტი დე ლაურენტისს შეხვდება
იტალიური გამოცემის, Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში, „ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის შეხვდება. სპალეტი და დე ლაურენტისი სამომავლო გეგმებზე და კონტრაქტთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებენ.
სპალეტის სურს, გაიგოს სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი გუნდს დატოვებს თუ არა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „პარტენოპეი“ რამდენად აქტიური იქნება. ლუჩანო და დე ლაურენტისი იტალიელი სპეციალისტის ხელფასსაც განიხილავენ და სპალეტი ანაზღაურების გაზრდას ითხოვს.
„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ პროგრამა მაქსიმუმი შეასრულა და ხელფასის მომატება დაიმსახურა. სპალეტი ამჟამად სეზონში 2.8 მილიონ ევროს იღებს და სურს, ეს თანხა 4.5-მდე გაუზარდონ. Tuttomercatoweb-ის ცნობით, მცირე შანსია, დე ლაურენტისმა სპალეტის 3.5 მილიონზე მაღალი ხელფასი დაუნიშნოს, თუმცა თანახმაა, დიდი ოდენობის ბონუსები დაუწესოს.
La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით, მხარეები შეთანხმების დახურვასთან ახლოს არ არიან, თუმცა „პარტენოპეის“ პირველი პირი ხვდება, რომ „სკუდეტოს“ ერთ-ერთი შემოქმედის გაშვება არ შეიძლება. დე ლაურენტისი შეეცდება, იპოვოს გზა, რათა სპალეტი დარჩენაზე დაიყოლიოს.