გოლთან ახლოს იყო - ირაკლი აზაროვი სერბეთის ჩემპიონია
სერბეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში „ცრვენა ზვეზდამ“ შინ „ბაჩკა ტოპოლა“ 4:1 დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდა. ირაკლი აზაროვის გუნდი 85 ქულით პირველ ადგილზეა, მეორე პოზიციას „ბაჩკა ტოპოლა“ და „ჩუკარიჩკი“ 62-62 ქულით იკავებენ.
მომდევნო სეზონში აზაროვის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
„ბაჩკა ტოპოლასთან“ მოგებულ მატჩში ირაკლი აზაროვმა სასტარტოში ითამაშა, პირველ ტაიმში გოლის გატანასთან ახლოს იყო, თუმცა ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა.
აზაროვი სერბულ კლუბს მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა. სუპერლიგაში 14 მატჩი ჩაატარა (7 სასტარტოში). ასევე, ერთხელ სერბეთის თასზე ითამაშა, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კი მხოლოდ „მონაკოსთან“ გასვლით მატჩში ჩაერთო თამაშში, 84-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 წლის მარცხენა მცველს „ცრვენა ზვეზდასთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს.