სალერნიტანას მცველი: „ლეაუ ყველაზე ძლიერია, კვარა ძალიან საშიშია“
„სალერნიტანას“ განაპირა მცველმა, პასკუალე მაცოკიმ სერია A-ს საუკეთესო გარემარბები დაასახელა. მაცოკის ჰკითხეს, ვინაა ყველაზე ძლიერი, ვის წინააღმდეგაც უთამაშია და მან „მილანის“ ვინგერი, რაფაელ ლეაუ გამოარჩია, მეორეზე კი ხვიჩა კვარაცხელია გაიყვანა.
„ლეაუ არის ფეხბურთელი, რომელიც გაიძულებს, 90 წუთის განმავლობაში ყურადღებით იყო, რადგან მას მომენტის შექმნა მატჩის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია. შემდეგ მოდის კვარაცხელია. მის წინააღმდეგ ჯერ არ მითამაშია, მაგრამ ის ტელევიზორშიც ძალიან საშიშია“.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ბოლო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, „მილანის“ წინააღმდეგ გამართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1. ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 18 აპრილსაა ჩანიშნული და მას დიეგო მარადონას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.
„მილანთან“ დაპირისპირებამდე, „ნაპოლის“ სერია A-ში გასამართი შეხვედრა ელის და 15 აპრილს, საკუთარ კედლებში „ვერონას“ მიიღებს. „პარტენოპეის“ მომდევნო მეტოქე ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და 22 ქულით მე-18 ადგილზეა.