კვარამ ცრუ ცხრიანზე ივარჯიშა - რას გადაწყვეტს სპალეტი
„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებს.
„მილანის“ წინააღმდეგ, შეტევაში გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ ოსიმენის თამაში ფაქტობრივად გამორიცხულია, რის გამოც ლუჩანო სპალეტის დიდი თავსატეხი გაუჩნდა. ოთხშაბათს ასევე გამოირიცხა ჯოვანი სიმეონეს თამაშიც, დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდის კიდევ ერთი თავდამსხმელი, ჯაკომო რასპადორიც ტრავმირებულია და „როსონერის“ წინააღმდეგ შესაძლოა ვერც იტალიელმა ფორვარდმა ითამაშოს.
აქედან გამომდინარე, „ნაპოლის“ დამრიგებელს დღევანდელ ვარჯიშზე რამდენიმე ვარიანტის დატესტვა მოუწია, Repubblica-ს ინფორმაციით კი ერთ-ერთი ცრუ ცხრიანის პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელიას გამოცდა იყო. დღევანდელ სავარჯიშო სესიაზე სამუშოს დიდი ნაწილი სწორედ ამას დაეთმო და იტალიურ მედიაში არსებობს ვარაუდი, რომ ქართველი ფეხბურთელი „მილანის“ წინააღმდეგ პირველ შეხვედრას სწორედ აღნიშნულ პოზიციაზე ითამაშებს, ფლანგებზე კი პარტნიორობას ელიფ ელმასი და ირვინ ლოზანო გაუწევენ.
პარალელურად, ოსიმენზე იწერება, რომ დღეს ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა როგორც სპორტდარბაზში, ისე მინდორზეც. ხვალ დილით, ნიგერიელ ფორვარდს კიდევ ერთი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, რომლის შემდეგაც მისი თამაშის საკითხი საბოლოოდ გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ „მილანსა“ და „ნაპოლის“ შორის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა 12 აპრილს, „სან სიროზე“ გაიმართება. მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.